
ზელენსკი: აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას უკრაინის მიერ დონბასის დათმობას უკავშირებს
აშშ-მა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება დაუკავშირა პირობას, რომლის მიხედვითაც, კიევმა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონი, დონბასი, სრულად უნდა დაუთმოს რუსეთს - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში.
იმის ფონზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ირანთან საკუთარ კონფლიქტზეა ფოკუსირებული, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა სწრაფად დასრულდეს ოთხწლიანი ომი, რომელიც რუსეთის 2022 წლის შეჭრით დაიწყო - აღნიშნა ზელენსკიმ.
„ახლო აღმოსავლეთს ნამდვილად აქვს გავლენა პრეზიდენტ ტრამპზე და, ვფიქრობ, მის შემდგომ ნაბიჯებზეც. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი, სამწუხაროდ, კვლავ ირჩევს სტრატეგიას, რომელიც უფრო მეტ ზეწოლას გულისხმობს უკრაინულ მხარეზე“, - განუცხადა მან Reuters-ს.
უკრაინის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან უსაფრთხოების მყარი გარანტიებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე დათანხმების შემთხვევაში, რუსეთი მომავალში საომარ მოქმედებებს აღარ განაახლებს.
„ამერიკელები მზად არიან, დაასრულონ მუშაობა ამ გარანტიებზე მაღალ დონეზე, როგორც კი უკრაინა მზად იქნება დონბასიდან ჯარების გასაყვანად“, - განაცხადა ზელენსკიმ და გააფრთხილა, რომ ასეთი უკანდახევა საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ასევე, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებას.
იმედი
წყარო: imedinews.ge