
CNN: ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია
ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ში ირანში მიმდინარე ომის მიმართ საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაღალია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
Pew Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელების 59% მიიჩნევს, რომ აშშ-მა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო ირანში სამხედრო ძალის გამოყენებით, ხოლო 38% საპირისპირო აზრზეა. ამერიკელების მხოლოდ მეოთხედი (25%) ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები ძალიან კარგად მიმდინარეობს; 28%-ის აზრით, პროცესი მეტ-ნაკლებად წარმატებულია, ხოლო 45% მიიჩნევს, რომ მოქმედებები არც ისე კარგად ან საერთოდ ცუდად მიმდინარეობს.
უმრავლესობა (61%) არ იწონებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მართვის საკითხში, ხოლო მის გადაწყვეტილებებს მხარს 37% უჭერს.
AP-NORC-ის გამოკითხვაში აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 59% აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი სამხედრო ქმედებები ზედმეტად შორს წავიდა; 26% მიიჩნევს, რომ ძალის გამოყენება ზომიერი იყო, ხოლო 13%-ის აზრით, ის საკმარისად მკაცრი არ ყოფილა.
Quinnipiac University-ს გამოკითხვით კი, რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% ეწინააღმდეგება აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს ირანის წინააღმდეგ, ხოლო 39% მხარს უჭერს მას.
შეხედულებები მკვეთრად პოლარიზებულია: სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგება „დემოკრატი“ ამომრჩევლების 92% და დამოუკიდებელი ამომრჩევლების 64%, მაშინ როცა „რესპუბლიკელი“ ამომრჩევლების 86% ოპერაციის მომხრეა.
კვლევის მეთოდოლოგია:
Pew Research: ჩატარდა 16-22 მარტს; გამოიკითხა 3,524 ზრდასრული ამერიკელი ეროვნული რეპრეზენტაციული პანელის მეშვეობით; ცდომილების ზღვარია +/- 1.8%.
AP-NORC: ჩატარდა 19-23 მარტს; გამოიკითხა 1,150 ზრდასრული ამერიკელი; ცდომილების ზღვარია +/- 4.0%.
Quinnipiac University: ჩატარდა 19-23 მარტს; გამოიკითხა 1,191 რეგისტრირებული ამომრჩეველი პირდაპირი ინტერვიუებით (სტაციონარულ და მობილურ ტელეფონებზე); ცდომილების ზღვარია +/- 3.6%.
იმედი
წყარო: imedinews.ge