
ირანმა ტრამპთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია უარყო
აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმება არასდროს შედგება, - განაცხადა ირანის არმიის წარმომადგენელმა მედიაში გავრცელებული ცნობების საპასუხოდ, რომელთა თანახმადაც თეირანს ომის დასრულების შესახებ ამერიკული გეგმა გადაეცა.
„თქვენმა კონფლიქტებმა იმ ნიშნულს მიაღწია, როდესაც მოლაპარაკებებს საკუთარ თავთან აწარმოებთ“, - განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის, „ხათამ ალ-ანბიას“ წარმომადგენელმა, რომელიც ომის დროს ირანის არმიის ოპერატიულ სარდლობას ახორციელებს. მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციასთან შეთანხმება „არც ახლა და არც არასდროს“ არ იქნება.
ირანული შტაბის წარმომადგენლის თქმით, აშშ რეგიონში ინვესტირებას ვეღარ შეძლებს, ხოლო „ენერგომატარებლებისა და ნავთობის ფასები ისეთი აღარ იქნება, როგორიც ადრე იყო“. მან მოუწოდა ვაშინგტონს აღიაროს, რომ რეგიონში სტაბილურობის გარანტი ირანის შეიარაღებული ძალებია.
მანამდე ისრაელურმა მედიამ გაავრცელა აშშ-ის მიერ ირანისთვის გადაცემული 15-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების დასრულებას საფუძვლად უნდა დაედოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge