NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

NASA-ს ოფიციალური პირების განცხადებით, Artemis II-ის ასტრონავტები უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ

იმედი|imedinews.ge

NASA-ს ოფიციალური პირები მისია Artemis II-ის წარმატებულ გაშვებაზე საუბრობენ. ათდღიანი ფრენა, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან აღმოსავლეთის დროით 18:35 საათზე დაიწყო, ოთხ ასტრონავტს დედამიწიდან იმაზე შორს წაიყვანს, ვიდრე ოდესმე რომელიმე ადამიანს უმოგზაურია - ისინი მთვარის უკანა მხარეს შემოუვლიან და უკან დაბრუნდებიან.

NASA-ს ადმინისტრატორმა, ჯარედ აიზეკმენმა გაშვების შემდგომ პრესკონფერენციაზე ასტრონავტები შეაქო და დასძინა, რომ ხომალდ Orion-ის ბორტზე მყოფ ეკიპაჟსა და დედამიწის მართვის ცენტრს შორის კავშირი მცირე ხნით გაწყდა, თუმცა მისი აღდგენა მალევე მოხერხდა.

„[ისინი] უსაფრთხოდ არიან და თავს შესანიშნავად გრძნობენ“, - განაცხადა აიზეკმენმა.

ეს ოთხეული პირველი ასტრონავტები არიან, რომლებიც ბოლო ორმოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში მთვარისკენ გაემართნენ.

დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით ერთი დღის გატარების შემდეგ, ეკიპაჟი 6 აპრილს მთვარის გარშემო შემოვლას გეგმავს, ხოლო დედამიწაზე დაბრუნება 10 აპრილისთვისაა ჩანიშნული.

გზად ეკიპაჟი გამოსცდის ხომალდ Orion-ის ბორტზე არსებულ სისტემებს, ჩაატარებს Artemis II-ის კაფსულის სატესტო მანევრების სერიას, დააკვირდება საკუთარი ორგანიზმის ადაპტაციას მიკროგრავიტაციასთან და გადაიღებს მთვარეს მომავალი მისიების მოსამზადებლად.

ისინი, სავარაუდოდ, იხილავენ მთვარის უკანა მხარის იმ ნაწილებს, რომლებიც მანამდე არცერთ ადამიანს უშუალოდ არ უნახავს და იმაზე შორს შევლენ კოსმოსში, ვიდრე ოდესმე.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია