
POLITICO: ორბანმა „პოლიტიკური ხაფანგი დააგო“. არჩევნებში წაგების შემთხვევაში, მისი ხალხი ახალი ხელისუფლების მუშაობას დაბლოკავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „სამართლებრივი ხაფანგი დააგო“ იმ შემთხვევისთვის, თუ ის საპარლამენტო არჩევნებზე დამარცხდება და მას ოპოზიციაში გადასვლა მოუწევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არჩევნებზე გამარჯვება პარტია „ტისამ“ და მისმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა რომც მოიპოვოს, ის ორბანის მიერ დაგებულ „დანაღმულ ველს“ გადააწყდება. ხელისუფლებაში ყოფნის 16-წლიანი პერიოდის შედეგად, უნგრეთის მოქმედმა პრემიერმა საკვანძო სახელმწიფო ინსტიტუტები მის მიმართ ლოიალური ადამიანებით დააკომპლექტა. სისტემის რეფორმირება პარლამენტში ხმების 2/3 არქონის შემთხვევაში შეუძლებელია. ხოლო საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას ამდენი ადგილი საკანონმდებლო ორგანოში არ ექნება.
ამასთან ერთად, პროკურატურაში მმართველი პარტია „ფიდესის“ მომხრეები ექვსიდან 12 წლამდე ვადით არიან დანიშნულები და მათი სამსახურიდან დათხოვნა ახალ მთავრობას არ შეეძლება.
როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ხაფანგად ბიუჯეტის საბჭო ითვლება, რომელიც ორბანის მომხრეებისგან შედგება. აღნიშნულ ორგანოს შეუძლია ვეტო დაადოს ქვეყნის ყველა საფინანსო გადაწყვეტილებას. თუ ბიუჯეტი დროულად მიღებული არ იქნება, უნგრეთის პრეზიდენტი, ტამაშ შუიკო, რომელიც აგრეთვე ორბანის მოკავშირეა, პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც სრულად არის პარტია „ფიდესის“ მომხრე მოსამართლეებით დაკომპლექტებული, მადიარის ნებისმიერ რეფორმას დაბლოკავს.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ორბანმა წინასწარ შეიმუშავა ოპოზიციაში გადასვლის სცენარი და პრეზიდენტისა და ზედამხედველი ორგანოების უფლებამოსილებები გააძლიერა. არჩევნების წაგების შემთხვევაში, ის სახელმწიფო აპარატის მეშვეობით გავლენას შეინარჩუნებს. ოპოზიციას ქვეყნის მართვა საბოტაჟის პირობებში მოუწევს, რაც, შესაძლოა, „ფიდესის“ ხელისუფლებაში სწრაფი დაბრუნებით დასრულდეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge