
Reuters: ამერიკული დაზვერვა ფიქრობს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტეს უახლოეს მომავალში არ გახსნის
ამერიკული დაზვერვის უახლესი მონაცემების თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ირანმა ჰორმუზის სრუტე გახსნას, რადგან მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სანავთობო არტერიის კონტროლი თეირანისთვის აშშ-ზე ზემოქმედების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დაზვერვის ახალი მასალებით ირკვევა, რომ თეირანმა, შესაძლოა, გააგრძელოს სრუტის ბლოკირება, რათა ენერგომატარებლებზე მაღალი ფასები შეინარჩუნოს და აშშ-ის პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე ზეწოლა მოახდინოს, თითქმის ხუთკვირიანი, ამერიკელი ამომრჩევლებისთვის არაპოპულარული ომიდან სწრაფი გამოსვლის მიზნით.
ამერიკული დაზვერვა აგრეთვე ვარაუდობს, რომ ომი, რომლის მიზანი იყო ირანის სამხედრო სიძლიერის განადგურება, სინამდვილეში თეირანის რეგიონულ გავლენას გააძლიერებს, რადგან მას საკვანძო საზღვაო მარშრუტის კონტროლი შეუძლია.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ტრამპი ჰორმუზის სრუტის მუშაობის განახლების სირთულეს აკნინებდა და ამბობდა, რომ მას შეუძლია გასცეს ბრძანება, რათა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ის გახსნან, თუმცა, დაზვერვის ანალიტიკოსების თქმით, ისინი თეთრი სახლის ლიდერს აფრთხილებენ, რომ ძალის გამოყენება ირანის წინააღმდეგ, რომელიც სრუტის ერთ მხარეს აკონტროლებს, აშშ-ს ძვირი დაუჯდება და მას დროში გაწელილ სახმელეთო ომში ჩაითრევს.
იმედი
წყარო: imedinews.ge