ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

ზელენსკის განცხადებით, სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უახლოეს კვირებში იქნება შესაძლებელი

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პროგნოზირებს, რომ უკრაინა - აშშ - რუსეთის მოლაპარაკებები უახლოეს კვირებში შეიძლება განახლდეს. ამ თემაზე ის ჟურნალისტებს ესაუბრა.

„ახლა ბურთი აშშ-ისა და რუსეთის მხარესაა. მე ძალიან მადლობელი ვარ ამერიკის იმისთვის, რომ ისინი აგრძელებენ ამ ფორმატს, და ღმერთმა ქნას, უახლოეს კვირებში ჩვენ გვექნება ეს შესაძლებლობა“, - განაცხადა მან.

ზელენსკიმ გაიმეორა, რომ უკრაინელები მზად არიან შეხვედრებისთვის ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ ადგილას რუსეთისა და ბელარუსის გარდა, თუმცა აშშ-ის ყურადღება დღეს ირანზეა მიმართული.

„სამმხრივი შეხვედრა იქნება მაშინ, როდესაც ორივე მხარე - რუსეთიც და ამერიკაც, შეძლებს ჩვენთან შეხვედრას. რატომ ვამბობ ასე? იმიტომ, რომ დღეისთვის ამერიკამ შემოგვთავაზა აშშ-ში შეხვედრა, ჩვენ მხარი დავუჭირეთ. ხოლო რუსეთმა თქვა, რომ ამერიკაში ის არ ხვდება. რუსეთმა შესთავაზა თურქეთი ან შვეიცარია (უკვე აღარ მახსოვს, რადგან სამი კვირა გავიდა). ამერიკამ თქვა, რომ ამჟამად მოლაპარაკებების ჯგუფი აშშ-ის ფარგლებს გარეთ არ გადის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დასძინა, რომ კიევი მზად არის მხარი დაუჭიროს შეხვედრას როგორც აშშ-ში, ისე შვეიცარიაში, თურქეთში და „ყველგან, სადაც პარტნიორები მზად იქნებიან“.

რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში 17–18 თებერვალს გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგ ჯერზე მხარეები მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში შეხვდებოდნენ, თუმცა 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიც მოიცვა. ამის შემდეგ სამმხრივი მოლაპარაკებები პაუზაზე დადგა. ზელენსკის თქმით, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის შეხვედრებისთვის მხოლოდ ამერიკაში, რადგან ახლო აღმოსავლეთში ომი მათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას უკრძალავს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია