POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ

POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ

იმედი|imedinews.ge

ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, რათა მოემზადონ ირანის ომის გამო ენერგომომარაგების მოსალოდნელი „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, დან იორგენსენის მიერ გაჟღერებული ეს მოთხოვნა ასახავს შიშს იმის შესახებ, რომ სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტი მხოლოდ ფასების პრობლემიდან ენერგომომარაგების სრულმასშტაბურ კრიზისში გადადის, რაც სერიოზულ დარტყმას მიაყენებს გლობალურ ეკონომიკას“, - წერს POLITICO.

ენერგეტიკის მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში, რომელიც გამოცემა POLITICO-მ მოიპოვა, იორგენსენმა აღნიშნა, რომ ეროვნულმა მთავრობებმა უნდა განიხილონ „მოთხოვნის შემცირების ნებაყოფლობითი ზომები... განსაკუთრებული ყურადღება კი ტრანსპორტის სექტორს დაუთმონ“.

ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მთავრობებმა მოუწოდონ მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილები ან ნაკლებად იფრინონ, რათა დაზოგონ საწვავი უფრო მნიშვნელოვანი მიზნებისთვის, როგორც ეს უკვე ხდება აზიის ზოგიერთ ქვეყანაში.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები სამშაბათს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, რათა განიხილონ ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების გზები.

თავის წერილში იორგენსენმა აღნიშნა, რომ ევროპის სატრანსპორტო სექტორი ხარჯების ზრდისა და მიწოდების დეფიციტის წინაშე დგას. ეს გამოწვეულია ინდუსტრიის დიდი დამოკიდებულებით სპარსეთის ყურეზე, საიდანაც ევროკავშირი თავისი საავიაციო საწვავისა და დიზელის იმპორტის 40 პროცენტზე მეტს იღებს.

„წევრმა სახელმწიფოებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებმაც შესაძლოა გაზარდოს საწვავის მოხმარება, შეზღუდოს ნავთობპროდუქტების თავისუფალი მიმოქცევა ან შეამციროს ევროკავშირის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების პროდუქტიულობა“, - განაცხადა იორგენსენმა.

მან ასევე დასძინა, რომ ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ეროვნული გადაწყვეტილებების ტრანსსასაზღვრო გავლენა, რათა შენარჩუნდეს „ერთიანობა ევროკავშირის მასშტაბით“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია