
The Times of Israel: ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში
ისრაელის პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
ეს კენჭისყრა დიდი გამარჯვებაა ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ-გვირის პარტიისთვის, რომელიც დიდი ხანია ამ ინიციატივის ლობირებას ეწეოდა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმაც.
„ეს არის სამართლიანობის დღე მსხვერპლთათვის და შეკავების დღე ჩვენი მტრებისთვის. ტერორისტებისთვის გასასვლელი კარი აღარ იარსებებს, ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება. ვინც ირჩევს ტერორიზმს, ის ირჩევს სიკვდილს“, - ნათქვამია ბენ-გვირის განცხადებაში.
კანონი, რომელიც თითქმის 12-საათიანი დებატების შემდეგ დამტკიცდა, ე.წ. დასავლეთ სანაპიროს იმ მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სამხედრო სასამართლოები სასიკვდილო ტერორისტულ აქტებში ცნობენ დამნაშავედ, ძირითად სასჯელად ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯას ადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ აირჩიონ უვადო პატიმრობა ბუნდოვნად განსაზღვრული „განსაკუთრებული გარემოებების“ საფუძველზე, სხვა შემთხვევაში სიკვდილით დასჯა სავალდებულო იქნება.
განაჩენის გამოსატანად მოსამართლეთა უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი და არა ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ამასთანავე, უქმდება გასაჩივრების ყოველგვარი უფლება.
კანონს არ ექნება უკუძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ გავრცელდება 7 ოქტომბრის თავდასხმების შემსრულებლებზე; მათთვის ცალკე კანონპროექტი მუშავდება.
კანონი, ფაქტობრივად, სიკვდილით დასჯას მხოლოდ პალესტინელებისთვის აწესებს, რადგან ის პირდაპირ გამორიცხავს ისრაელის მოქალაქეებსა თუ რეზიდენტებს; სამხედრო სასამართლოებში მხოლოდ პალესტინელების საქმეები განიხილება, ისრაელელების გასამართლება კი სამოქალაქო სასამართლოებში ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული დებულება სასამართლოებს საშუალებას აძლევს სიკვდილით დასჯა ნებისმიერ პირს, მათ შორის ისრაელის მოქალაქეებსაც შეუფარდონ, ის ეხება მხოლოდ მათ, ვინც „განზრახ იწვევს ადამიანის სიკვდილს ისრაელის სახელმწიფოს არსებობის უარყოფის მიზნით“ - ეს არის განმარტება, რომელიც პრაქტიკაში გამორიცხავს ებრაელ ტერორისტებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge