
Reuters: პუტინის სპეცწარმომადგენელი, დმიტრიევი აშშ-შია და ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი აშშ-ში იმყოფება და პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრებს მართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დმიტრიევის შეხვედრების მთავარი თემები უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები და აშშ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობაა.
როგორც Reuters-ი იუწყება, დმიტრიევის ვიზიტი წინ უსწრებს აშშ-ის მხრიდან რუსეთის ნავთობზე შემოღებული სანქციების შემსუბუქების ვადის ამოწურვას. სანქციების შემსუბუქების ვადა 11 აპრილს იწურება.
აღსანიშნავია, რომ შეერთებულმა შტატებმა ერთი თვის წინ ქვეყნებს რუსული ნავთობის შესყიდვის უფლება მისცა. როგორც მაშინ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რუსეთის სანქციების შემსუბუქება ირანთან ომის გამო ნავთობის ბაზარზე ფასების სტაბილიზაციის მიზნით იყო საჭირო.
იმედი
წყარო: imedinews.ge