ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია

იმედი|imedinews.ge

აშშ-ში დაბადებულმა რომის პაპმა ლეო XIV-მ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მწვავე თავდასხმას უპასუხა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვატიკანის მოწოდებები მშვიდობისა და შერიგებისკენ სახარებაზეა დაფუძნებული და მას ტრამპის ადმინისტრაციის არ ეშინია.

„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.

ისტორიაში პირველმა ამერიკელმა პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი მოწოდებები მშვიდობისკენ და „ყოვლისშემძლეობის ილუზიის“ კრიტიკა არ წარმოადგენს პირდაპირ თავდასხმას ტრამპზე ან სხვა რომელიმე პიროვნებაზე.

„მე არ ჩავებმები დებატებში. ის, რასაც ვამბობ, ნამდვილად არ არის მიზანმიმართული ვინმეზე თავდასხმისთვის. სახარების გზავნილი ძალიან ნათელია - ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი. მე არ მოვერიდები სახარების გზავნილის გამოცხადებას და ყველა ადამიანის მოწვევას მშვიდობისა და შერიგების ხიდების მშენებლობის გზების საძიებლად, რათა თავიდან ავიცილოთ ომი ნებისმიერ დროს, როცა კი ეს შესაძლებელია. მე არ მეშინია ტრამპის ადმინისტრაციის“, - განაცხადა ლეო XIV-მ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია