
Reuters: პაკისტანმა აშშ-სა და ირანს ცეცხლის შეწყვეტის გეგმა გადასცა
Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პაკისტანმა აშშ-სა და ირანს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და შემდგომი სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ჩარჩო გეგმა გადასცა. სააგენტოს ცნობით, მხარეებმა შესაძლოა შეთანხმებას 6 აპრილს მიაღწიონ.
წყაროების თანახმად, პაკისტანმა თავისი წინადადებები აშშ-სა და ირანს ორშაბათის ღამით გადასცა. გეგმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შემდგომში ყოვლისმომცველი შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებს. პაკისტანის არმიის შტაბის უფროსი, ასიმ მუნირი ეკონტაქტებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს, სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის.
ისლამაბადის წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში დაუყოვნებლივ შევა, რაც ჰორმუზის სრუტის გახსნას გამოიწვევს. შეთანხმება მხარეებს 15-20 დღეს მისცემს იმისათვის, რომ უფრო ფართო მასშტაბის დარეგულირებაზე დაასრულონ მუშაობა.
დოკუმენტი, რომელსაც წინასწარ „ისლამაბადის შეთანხმება“ ეწოდა, მოიცავს რეგიონულ ჩარჩოებს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შესახებ, პირისპირ მოლაპარაკებების გამართვა კი პაკისტანის დედაქალაქში იგეგმება.
წყაროს ცნობით, საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება მოიცავს ირანის ვალდებულებას, უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე, სანქციების შემსუბუქებისა და გაყინული აქტივების განბლოკვის სანაცვლოდ.
პაკისტანურმა ორმა წყარომ განაცხადა, რომ ირანს ჯერჯერობით არანაირი ვალდებულება არ აუღია.
მანამდე გამოცემა Axios-ი იტყობინებოდა, რომ აშშ, ირანი და რეგიონული შუამავლების ჯგუფი პოტენციური 45-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge