ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი უნდა დასრულდეს, რათა ქვეყანამ ყურადღება აღდგენით პროცესზე გადაიტანოს

იმედი|imedinews.ge

ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, ირანმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის წინააღმდეგ ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს, რათა ყურადღება უფრო მნიშვნელოვან ამოცანაზე - ქვეყნის აღდგენაზე გადაიტანოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

თეირანში საჯარო სექტორის თანამშრომლებთან გამართული შეხვედრებისას, პეზეშკიანმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა გულწრფელი უნდა იყოს, რათა საზოგადოების ნდობა შეინარჩუნოს.

პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანმა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს „გადაჭარბებულ მოთხოვნებს, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ კონფლიქტის გაგრძელება არავისთვისაა სასარგებლო - არც ჩვენთვის, არც მეორე მხარისთვის და არც რეგიონის მომავლისა თუ მომავალი თაობებისთვის“.

სხვა შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ „დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იყოს გამოყენებული“.

ირანული მედიის ცნობით, დედაქალაქში მეხანძრეებთან საუბრისას მან განაცხადა: „საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დადგება, როგორიცაა აღდგენითი სამუშაოები, ფინანსური რესურსების მოძიება და ბაზრის კონტროლი“.

იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას პეზეშკიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტით გამოწვეული ზოგიერთი პრობლემის მართვა მოხერხდა, რეფორმები მაინც აუცილებელია.

„ხალხი ინფორმირებული უნდა იყოს ქვეყანაში არსებული რეალობის შესახებ. არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ან არარეალური დაპირებები არა მხოლოდ არ უწყობს ხელს საკითხების მოგვარებას, არამედ ასუსტებს საზოგადოების ნდობასაც“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია