
ფაშინიანი ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანაზე: დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად - თუ პასუხი იქნება დადებითი, სომხეთი შეიტანს განაცხადს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა წარმოადგინა, რა შემთხვევაში მიმართავს სომხეთი ოფიციალურად ევროკავშირს გაერთიანების სრულუფლებიანი წევრობის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
ფაშინიანმა ამ თემას მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას შეეხო.
„სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებთან შესაბამისობისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას მათთან სრულ შესაბამისობამდე. როდესაც სომხეთი დააკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, ევროკავშირში გაწევრიანება გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და დამოკიდებული იქნება იმაზე, მზად არის თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად. თუ პასუხი იქნება დადებითი, სომხეთის რესპუბლიკა შეიტანს განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. თუ არა - ზემოაღნიშნული რეფორმების განხორციელება იქნება სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული მონაპოვარი, რადგან სომხეთი გახდება ქვეყანა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობებსა და მმართველი ძალის წინასაარჩევნო პროგრამაში არსებულ დებულებაზე საუბრისას, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს - შეუძლებელია ერთდროულად იყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი.
„მაგრამ მანამ, სანამ ევროკავშირთან დაახლოებისა და ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ევრაზესის წევრად დარჩენას და განავითარებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მის წევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge