
The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ
13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.
აშშ-მა და ისრაელმა ომი იმ იმედით დაიწყეს, რომ ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდაცია - დაწყებული მოჯთაბას მამით, ალი ხამენეით - შექმნიდა პირობებს რეჟიმის შეცვლისთვის ან, სულ მცირე, ისეთი ლიდერების გამოჩენისთვის, რომლებიც უფრო მეტად იქნებოდნენ მზად ამერიკისა და ისრაელის ინტერესების მისაღებად.
ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე, ერისადმი მიმართვისას, პრეზიდენტმა ტრამპმა ახალ ხელმძღვანელობას „უფრო გონიერი“ უწოდა.
ამის ნაცვლად, ვაკუუმს ავსებენ ახალი რადიკალი ლიდერები, რომლებსაც არანაირი ინტერესი არ გამოუჩენიათ პოლიტიკური კომპრომისის მიმართ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
„ომმა რეჟიმი შეცვალა - და არა უკეთესობისკენ“, - განაცხადა დენი ციტრინოვიჩმა, რომელიც წარსულში ისრაელის სამხედრო დაზვერვის ირანის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. „ჩვენ შევქმენით რეალობა, რომელიც იმაზე უარესია, რის წინაშეც ირანელები ომამდე იდგნენ“.
ირანელ რადიკალებს - ანტიდასავლურ იდეოლოგებს, რომლებიც შიდა პოლიტიკურ განსხვავებულ აზრს საერთოდ არ სწყალობენ - ქვეყნის ძალაუფლების კონკურენტულ წრეებში ყოველთვის ეკავათ ადგილი; მათი გავლენა განსაკუთრებით გაიზარდა უფროსი ხამენეის მფარველობის ქვეშ.
თუმცა, ახლა ისინი სრულად დომინირებენ ირანის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობაზე. მათ ამბიციებს კიდევ უფრო აძლიერებს ომი, რომელიც ბევრ მათგანს შიიტი მუსლიმების მესიის დაბრუნების წინაპირობად მიაჩნია.
ამ ყველაფრის ცენტრშია მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სასულიერო პირებმა მას შემდეგ აირჩიეს, რაც გადაურჩა იმ საჰაერო იერიშს, რომელმაც მამამისი და მისი ოჯახის კიდევ რამდენიმე წევრი იმსხვერპლა. გასულ თვეში დანიშვნის შემდეგ ის საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა, რამაც გააძლიერა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ის იმდენად მძიმედ დაშავდა, რომ შესაძლოა ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში ვერც კი მონაწილეობდეს.
ლიდერები, რომლებიც მის არყოფნაში ირანს წარმოადგენენ, კვლავინდებურად დაუმორჩილებელნი რჩებიან გამანადგურებელი დაბომბვების კამპანიის მიუხედავად, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს, ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
მათ ქვეყნის შიგნითაც აჩვენეს ძალა და გააძლიერეს შიდა ოპოზიციის რეპრესიები დაპატიმრებების, სიკვდილით დასჯისა და პოტენციური მომიტინგეების სასიკვდილო ძალით დაშინების გზით. ამის ნაცვლად, მათ ქუჩებში რეჟიმის მხარდამჭერები გამოიყვანეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge