
The Guardian: უკრაინის თავდაცვის უწყებამ გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ თანამდებობიდან გადააყენა მაღალი რანგის მეთაური მას შემდეგ, რაც გავრცელდა იმ გამოფიტული ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც თვეების განმავლობაში ფრონტის ხაზზე სათანადო საკვებისა და წყლის გარეშე იყვნენ მიტოვებულნი, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც ერთ-ერთი ჯარისკაცის მეუღლემ, ანასტასია სილჩუკმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა. ოთხივე მამაკაცი ფერმკრთალი და აშკარად გამოფიტული ჩანდა; მათ გამოკვეთილი ნეკნები და გამხდარი ხელები ჰქონდათ.
ჯარისკაცების ახლობლების თქმით, მათ რვა თვე გაატარეს მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკთან ახლოს, სადაც ტერიტორიის მცირე მონაკვეთს იცავდნენ. სურსათისა და მედიკამენტების მიწოდება იქ მხოლოდ დრონების საშუალებით იყო შესაძლებელი.
„როდესაც ბიჭები ფრონტის ხაზზე ჩავიდნენ, ისინი 80–90 კილოგრამზე მეტს იწონიდნენ. ახლა კი დაახლოებით 50 კილოგრამს იწონიან“, - დაწერა სილჩუკმა. მისი თქმით, ერთ-ერთი მიწოდების შემდეგ, 10 დღის განმავლობაში საკვები აღარ გამოჩენილა. გადასარჩენად ჯარისკაცები იძულებულნი იყვნენ წვიმის წყალი დაელიათ და თოვლი გაედნოთ.
„ყველაზე დიდხანს, რაც მათ საკვების გარეშე გაძლეს, 17 დღე იყო. რაციით მათ არავინ უსმენდა, ან შესაძლოა, არავის სურდა მათი მოსმენა. ჩემი ქმარი ყვიროდა და იხვეწებოდა, ამბობდა, რომ არ ჰქონდათ საჭმელი და წყალი“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს პრობლემა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ერთი კონკრეტული შემთხვევა.
უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადააყენა მეთაური, რომელიც ჯარისკაცების კვებაზე იყო პასუხისმგებელი. ბრიგადამ აღიარა ლოგისტიკური პრობლემების არსებობა და განმარტა, რომ მომარაგება მხოლოდ საჰაერო გზით იყო შესაძლებელი, ვინაიდან მათი დისლოკაციის ადგილი მტრის ხაზებთან უკიდურესად ახლოს მდებარეობდა.
სილჩუკმა პარასკევს აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საკითხი საჯარო გახდა, პირობები გაუმჯობესდა. „ახალი მეთაური გვყავს“, - დაწერა მან. „მან დაგვირეკა და გვითხრა, რომ სიტუაცია გვარდება. და მართლაც ასეა. ჩემმა ქმარმა მომწერა, რომ ახლა იმაზე მეტი ჭამა, ვიდრე ბოლო რვა თვის განმავლობაში ერთად აღებული“.
უკრაინის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. „უნდა აღინიშნოს, რომ ახლახან მე-14 ქვეითი ბრიგადის პოზიციებზე სურსათის მორიგი პარტია იქნა მიწოდებული. ხელსაყრელი პირობების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი ჯარისკაცების დაუყოვნებლივი ევაკუაცია განხორციელდება“, - დასძინა უწყებამ.
იმედი
წყარო: imedinews.ge