Reuters: აშშ-მა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა

Reuters: აშშ-მა ჩინეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ჩინეთის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სანქციების დაწესება მოხდა იმ ფონზე, როცა ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლები უქმეებზე სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ინფორმაციით, საუბარია „ჰენგლის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ირანული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილესი შემსყიდველია. გარდა ამისა, ამერიკულმა მხარემ 40 გემისა და საზღვაო კომპანიის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები. ამერიკული მხარის მტკიცებით გემები და საზღვაო კომპანიები ირანის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს წარმოადგენს.

ჩინური მხარის განცხადებით, პეკინი „უკანონო“ ცალმხრივ სანქციებს ეწინააღმდეგება. როგორც ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნორმალური ვაჭრობა არ უნდა ზარალდებოდეს. პეკინი ვაშინგტონს მოუწოდებს, შეწყვიტოს სანქციების „ბოროტად გამოყენება“ ჩინურ კომპანიებთან მიმართებით.

„მოვუწოდებთ აშშ-ს, შეწყვიტოს ვაჭრობის, მეცნიერებისა და ტექნიკის საკითხების პოლიტიზება, მათი გამოყენება იარაღისა და ბერკეტის სახით, აგრეთვე შეწყვიტოს სხვადასხვა სახის სანქციების ბოროტად გამოყენება ჩინურ კომპანიებზე დარტყმის მიყენების მიზნით“, - ციტირებს სააგენტო ჩინეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია