
CNN: მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Karex-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, პროდუქციის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს
მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია Karex-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ირანში მიმდინარე ომის გამო, პროდუქციის ფასი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გო მია კიატმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, კომპანია იძულებული გახდება ფასები, სულ მცირე, 20%-დან 30%-მდე გაზარდოს. ფასის საბოლოო ზრდა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება მიწოდების ჯაჭვების შეფერხება.
თებერვლის ბოლოდან, ირანის ომმა გლობალური ლოგისტიკა შეაფერხა. ჰორმუზის სრუტე კრიტიკული წერტილია, რომლის მეშვეობითაც ხდება იმ მასალების ტრანსპორტირება, რომლებიც აუცილებელია პრეზერვატივების წარმოებისთვის.
„ვითარება ნამდვილად ძალიან მყიფეა, ფასები უკვე მაღალია. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ხარჯები მომხმარებლებზე გადავიტანოთ“, - აღნიშნა გო მია კიატმა.
მალაიზიაში მდებარე კომპანია Karex-ი წელიწადში 5 მილიარდზე მეტ პრეზერვატივს აწარმოებს და პროდუქციის ექსპორტს 130-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. კომპანია ისეთ ცნობილ ბრენდებს ფლობს, როგორიცაა: ONE, Trustex, Carex, Pasante.
გარდა პრეზერვატივებისა, კომპანია აწარმოებს სამედიცინო ხელთათმანებს, ლუბრიკანტებსა და კათეტერებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდების პრობლემები შესაძლოა სამედიცინო სფეროს სხვა სეგმენტებსაც შეეხოს.
იმედი
წყარო: imedinews.ge