
გივი მიქანაძე: ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა - მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის
თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორეს გარდაცვალებას, - წერს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.
„ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა.
მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, მის სულიერ შვილებს, გვინარჩუნებდა რწმენას და ყოველდღიურად გვაძლევდა ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულისა და სამშობლოსთვის თავდადების ნათელ მაგალითს.
ილია მეორეს სულის პატივსაცემად ჩვენ ერთობლივი ძალებითა და შემართებით უნდა შევძლოთ ყველა სირთულის დაძლევა და გავაგრძელოთ საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა. მჯერა, მისი სული ჩვენს სამშობლოს მფარველ ანგელოზად მოევლინება. დიდება მის ხსოვნას!“, - აღნიშნავს გივი მიქანაძე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge