
ლევან იოსელიანი: ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა
რამდენიმე დღეში საქართველო მის სულიერ მამას გააცილებს უკანასკნელ გზაზე და თან უსაზღვრო მწუხარებას, უამრავ ცრემლს და რაც მთავარია, სიყვარულს გაატანს. სწორედ ისეთი განცდა გვეუფლება ახლა, როგორც გენიალურ გალაკტიონს, როდესაც მან ილია ჭავჭავაძის გარდაცვალება დიდი ეპოქის დასასრულს შეადარა, - აღნიშნულია ლევან იოსელიანის განცხადებაში. სახალხო დამცველი ილია მეორეს ერზე ზრუნვისთვის და ადამიანების სიყვარულისთვის მადლობას უხდის.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან ერთად საქართველოს ისტორიის დიდი ეპოქა დასრულდა, რომელიც მან საკუთარი მხრებით ზიდა და უამრავ ქარტეხილს გამოატარა.
მადლობა, საქართველოს ეკლესიის გამორჩეულ მწყემსმთავარს, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ერთგულებისთვის, ჩვენზე ზრუნვისთვის და რაც მთავარია ადამიანების სიყვარულისთვის, განურჩევლად მათი აღმსარებლობისა და წარმომავლობისა, ასაკისა და ცენზისა.
მის მასშტაბს ხვალინდელი დღე კიდევ უფრო უკეთ დაგვანახებს, ჩვენც და მომავალ თაობებსაც.
მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით, პატრიარქი ილია მეორე იყო მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“, - აღნიშნულია იოსელიანის განცხადებაში.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge