
კობა კობალაძე: დასრულდა ეპოქა, რომელიც სინათლეს ჰფენდა ჩვენს ერს. უწმინდესი იყო სულიერი საყრდენი თითოეული ჩვენგანისათვის იმ დროში, როცა ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიმშვიდე, რწმენა და გამძლეობა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სრულიად საქართველოს უსამძიმრებს.
„უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის. გულით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას. დასრულდა ეპოქა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სინათლეს ჰფენდა ჩვენს ერს. უწმინდესი იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ სულიერი საყრდენი თითოეული ჩვენგანისათვის იმ დროში, როდესაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა სიმშვიდე, რწმენა და გამძლეობა. მისი სიტყვა ხშირად იყო იმედი, ხოლო მისი დუმილიც კი სიმტკიცის მაგალითი. მისი ცხოვრება იყო მსახურება ღმერთისადმი, სამშობლოსა და ადამიანისადმი. ამ მსახურებაში მან დაგვიტოვა ყველაზე მთავარი - რწმენა, რომ სიკეთე ძლიერია, სიყვარული და ერთიანობა კი არის გზა გადარჩენისა.
ჩემთვის უწმინდესი დარჩება როგორც პირადი მაგალითი სიწმინდისა და სითბოსი. მე, ჩემი წილი უწმინდესი მყავდა, რომელიც ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე, ჩემი და ჩემი ოჯახის გვერდით იდგა თავისი მამა-შვილური ლოცვით და იმ განუზომელი სიყვარულით, რომელიც მხოლოდ მის გულს შეეძლო და ყოველთვის მაძლევდა სიმშვიდესა და რწმენას.
1992 წელს, მაშინ, როცა „შავნაბადას“ ბატალიონის მეთაური გახლდით, უწმინდესმა თავისი დაწერილი მაცხოვრის ხატი მაჩუქა, რომელიც, ჩემთვის, ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარია! მაშინაც მჯეროდა და ახლაც ღრმად მწამს, რომ სწორედ ამ ხატის ძალით, ქრისტეს მეოხებით, ახდება პატრიარქის ყველაზე სანუკვარი ნატვრა და საქართველო გამთლიანდება! განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ვეტერანების მიმართ. გულწრფელი სიყვარულით, მამობრივი მზრუნველობითა და თანაგრძნობით ეპყრობოდა მათ, ვისთვისაც სამშობლოსათვის თავგანწირვა ცხოვრების მთავარი მისიაა.
დღეს, როცა ასეთი განსაცდელის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით გვმართებს ერთმანეთის გვერდით დგომა და იმ სულიერი ერთობის შენარჩუნება, რასაც იგი მთელი ცხოვრება გვასწავლიდა. მჯერა, რომ მისი ნათელი სული და მემკვიდრეობა გააგრძელებს ჩვენს გზას იმ მიმართულებით, სადაც რწმენა, სიყვარული და სამშობლოს ერთიანობა არის უმაღლესი ღირებულება.
ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!”, - ნათქვამია განცხადებაში.
იმედი
წყარო: imedinews.ge