
მეუფე შიო ილია მეორეზე: მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ისე როგორც გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება
მე მინდა ყველას მოგისამძიმროთ მისი უწმიდესობის გარდაცვალების გამო. საოცარი თვისება ჰქონდა მას, მისი ეს მამობრივი სიყვარულის მასშტაბი, მისი ფიქრი და ლოცვა ეფინებოდა თითოეულ ადამიანს, რომელსაც ოდესმე ჰქონია მასთან შეხება, ამ ადამიანებში ახდენდა დიდ ფერიცვალებას და ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა, - განაცხადა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ შიო მუჯირმა, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია მეორეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.
როგორც მეუფემ აღნიშნა, პატრიარქმა დაგვიტოვა ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის, ჯვრის თაყვანისცემის კვირაში, როდესაც ეკლესია თაყვანს სცემს თავგანწირული სიყვარულის ამ მთავარ სიმბოლოს, პატიოსან ცხოველმყოფელ ჯვარს და ჩვენი წმინდა სინოდის მიმართვაში იყო აღნიშნული, რომ ეს არის მინიშნება, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი ჭეშმარიტად მოწამებრივი იყო. მისი დასაფლავება კვირას მოხდება, როდესაც ეკლესია აღნიშნავს იოანე კიბისაღმწერლის ხსენებას და გვმოძღვრავს სულიერი კიბის შესახებ, რომელიც სათნოებათა გზით მიმყვანებელია სულის ცხონებისკენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის შემთხვევითი რომ მის უწმიდესობაში იყო შერწყმული მოწამებრივი გზა, ღვაწლი და სულიერ კიბეზე, უმაღლესი საფეხურის მიღწევა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ეს არის სათნოებები, რომელიც მან მოიხვეჭა, დიდი სიყვარული, საოცარი სიმდაბლე, მოთმინება, სიბრძნე და სხვა. ჩვენი გული სავსეა ემოციებით, სიყვარულით, ფიქრებით, მაგრამ ალბათ მისი უზარმაზარი ღვაწლიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დევნილ, დაკნინებულ მდგომარეობაში, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გარიყულ მდგომარეობაში, მაგრამ მის შვილებს გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია დაგვიტოვა, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დიდი სიყვარულით ქედს ვიხრით მისი მამობრივი ღვაწლის წინაშე და მადლობას ვუხდით მას ამისთვის. ჩვენი გული მწუხარებასთან ერთად ივსება იმედით, რომ უფალი მას ცათა სასუფეველში მართალთა თანა განუსვენებს და მისი სახით შევიძინეთ კიდევ ერთი დიდი მეოხი, მფარველი ზეციური საქართველოდან, რომელიც შეგვეწევა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საეკლესიო, სახელმწიფოებრივი ცხოვრება, ისე, როგორც მან დაგვიბარა და გვიანდერძა, რომ შევძლოთ ერთსულოვნება, ურთიერთსიყვარული, ურთიერთშერიგება და იმ ღირებულებებზე მყარად დაბრუნება, რომლის გავრცელებაში უდიდესი როლი შეასრულა მისმა ღვაწლმა.
კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ღმერთმა შეუნდოს და ცათა სასუფეველი მიანიჭოს, დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი და ჩვენ შეგვაძლებინოს ღირსეულად აღვასრულოთ ეს დღეები, დაკავშირებული მის დასაფლავებასთან და ღირსეულად შევძლოთ გავაგრძელოთ ცხოვრება, ვისწავლოთ ცხოვრება მის გარეშე. ძნელია დღეს მის გარეშე ეკლესიის წარმოდგენა, მაგრამ ის ჩვენთან არის და ყოველთვის ჩვენთან იქნება, ამის გვწამს და გვჯერა. ჩვენთან არს ღმერთი! “, - განაცხადა მეუფე შიომ.
იმედი
წყარო: imedinews.ge