საქართველოში გლოვაა გამოცხადებული - ქვეყანა პატრიარქს ემშვიდობება

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული - ქვეყანა პატრიარქს ემშვიდობება

იმედი|imedinews.ge

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული - ქვეყანა პატრიარქს ემშვიდობება. გლოვის დღეები კათალიკოსის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ, რაც თავად კათალიკოსის სურვილი იყო. ცნობილია, რომ ამ ტაძრის მიმართ პატრიარქს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. იქ არაერთი პატრიარქია დაკრძალული.

საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქრონიკას“ უდასტურებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება. ყოვლად უწმინდესმა ბართლომემ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წერილიც გამოუგზავნა, სადაც მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი გამოხატა. მსოფლიო პატრიარქმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდიც აღასრულა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა“. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.

სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამგლოვიარო ცერემონია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია