დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: მისი უწმინდესობა ყოველთვის ცდილობდა იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებასა და გაზიარებას

დეკანოზი არჩილ ხაჩიძე: მისი უწმინდესობა ყოველთვის ცდილობდა იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებასა და გაზიარებას

იმედი|imedinews.ge

ოჯახის სიწმინდის დღე, საყოველთაო ნათლობა, ალილო, შობის დღესასწაულზე ფანჯარასთან დანთებული სანთელი - ეს ტრადიციები პატრიარქის სახელს უკავშირდება. თემაზე დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიარქი ხელს უწყობდა ისეთი ტრადიციების დაფუძნებასა და აღდგენას, რომელიც ადამიანებს სიხარულს ანიჭებდა.

„ერთ-ერთი ამ ტრადიციათაგან, რომელიც აღდგა ან დაფუძნდა, ეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ჩაიფიქრა, რომ ეს დღე უნდა აღნიშნულიყო რაც შეიძლება ფართოდ და ღირსეულად. ოჯახის სიწმინდის დღე არის ყოველწლიურად შეხსენება იმისა, რომ ოჯახური არის გამორჩეული ღირებულება, რომლის ღალატი და გადასხვაფერება დამღუპველი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის, მუდმივად ლოცულობდა თავისი ნათლულების სახელზე. ეს უკავშირდებოდა იმ ზრუნვას, რომ ადამიანებს იმედი არ დაჰკარგოდათ, ადამიანებს ჰქონოდათ იმის მოლოდინი, რომ ღმერთი თუ ადამიანს ამ ქვეყნად მოიყვანს, მას თავის წილ მადლსა და სიკეთეს მოაყოლებს.

მისი უწმინდესობა ყოველთვის ცდილობდა სწორედ იმ ტრადიციების აღდგენისთვის თუ დაფუძნებისთვის შეეწყო ხელი, რომელიც გულისხმობდა ადამიანისთვის სიხარულის ჩუქებას და გაზიარებას. ალილო არის ერთ-ერთი ყველაზე ადრე აღდგენილი ტრადიცია. ალილოს ტრადიციაში მონაწილეობა ადამიანებს ანგელოზებს ამსგავსებს, ვინაიდან სწორედ ანგელოზები იყვნენ პირველი მახარებლები ქრისტესშობისა. სანთლის დანთება არის ტრადიცია, რომელიც უშუალოდ მისი უწმიდესობის მიერ არის დაწესებული, ფაქტობრივად საქართველო გახდა გამავრცელებელი დანარჩენ მსოფლიოში ამ ტრადიციისა. მისი უწმინდესობის მიერ განახლებული თუ დადგენილი ერთ-ერთი განახლებული ტრადიცია არის შვიდგზის ლოცვების წესი. მიიჩნევდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი რამ, რაც მან გააკეთა თავისი მსახურების განმავლობაში, რადგანაც დღის განმავლობაში შვიდჯერ ერთად ვდგებით ღვთის წინაშე სალოცავად და შესაბამისად ვურიგდებით ერთმანეთს და ღმერთს“, - განაცხადა დეკანოზმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია