ირაკლი ბრაჭული ილია მეორეზე: პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც

ირაკლი ბრაჭული ილია მეორეზე: პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც

იმედი|imedinews.ge

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, ფილოსოფოსმა ირაკლი ბრაჭულმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის იმ ინტერესებსა და ხედვებზე ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად იყოს ცნობილი.

„მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმ მხარეებს, რომლებიც შეიძლება, ნაკლებად იყოს ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის. კერძოდ, პატრიარქი არ იყო მარტო ეკლესიის ხელმძღვანელი და ფართომასშტაბიანი ისტორიული მოვლენების ორგანიზატორი, ის იყო დიდი მოაზროვნე და ერის ინტელექტუალური ლიდერიც“, - განაცხადა ბრაჭულმა.

მან მიმოიხილა სხვადასხვა საკითხი, რომელთა მიმართაც პატრიარქს ჰქონდა ინტერესი და საკუთარი ხედვები.

„ცოტა ხნის წინ გამოვიდა „ვეფხისტყაოსნის“ სამზითვო ვერსია და მას აქვს ილია მეორის წინასიტყვაობა, რომელიც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. კიდევ მინდა აღვნიშნო განათლების სფეროსათვის პატრიარქის ხედვების მნიშვნელობა - ის ამბობდა, რომ მთავარი უნდა იყოს ანალიტიკური აზროვნება და ამაზე უნდა აიგოს ჩვენი განათლების სისტემა. ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება, ნაკლებად არის ცნობილი პატრიარქ ილია მეორის დამოკიდებულება და მისი დიდი ინტერესი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიმართ - რატომ აინტერესებდა პატრიარქს ასე განწყობის თეორია, როგორი იყო მისეული გაგება.

კიდევ შეიძლება, ვისაუბროთ მის დამოკიდებულებაზე ქართველი ფილოსოფოსების და საერთოდ ფილოსოფიის მიმართ, მაგალითად, პატრიარქისა და მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის ურთიერთობაზე და სხვა. ეს ისეთი საკითხებია, რომლებიც თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გახდება და წამოიწევა წინ“, - განაცხადა ფილოსოფოსმა.

სამზითვო „ვეფხისტყაოსნის“ წინასიტყვაობასთან დაკავშირებით კი, მან აღნიშნა, რომ პატრიარქის წინასიტყვაობა 1966 წელს არის დაწერილი წერილის სახით.

„იქ უზარმაზარი მნიშვნელობის ამბავი არის გარკვეული ჩვენი ერისათვის და მთელი ჩვენი კულტურისათვის - რომ „ვეფხისტყაოსანი“ არის სრულიად ქრისტიანული, ბიბლიური სულისკვეთებით განმსჭვალული ნაწარმოები და როგორც პატრიარქი ამბობს, მისი ავტორი, შოთა რუსთაველი არის დიდი ქრისტიანი“, - აღნიშნა ირაკლი ბრაჭულმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია