სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა - ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

სოზარ სუბარი: ეპოქა არ დასრულებულა - ის, რაც ილია მეორემ შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს

იმედი|imedinews.ge

პატრიარქის ისტორიულ როლზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ილია მეორის ეპოქა მისი ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, გაგრძელდება.

„პირველ რიგში, სამძიმარს ვუცხადებ მთელ საქართველოს - ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს მთელი დღის განმავლობაში ვიღებდი სამძიმრის წერილებს ჩვენი თანამოქალაქეებისგან - სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის და სხვადასხვა სარწმუნოების ადამიანებისგან. ჩემი ცხოვრების განმავლობაში ისე მოხდა, მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოში მცხოვრები თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელთან და ბევრმა მათგანმა დღეს თავი ვალდებულად ჩათვალა, ჩემთვისაც გაეზიარებინათ ის ტკივილი და მწუხარება, რასაც ისინი განიცდიან უწმინდესის გარდაცვალების გამო. მათ შორის განსაკუთრებით ბევრნი იყვნენ ჩვენი თანამოქალაქე აზერბაიჯანელი მუსლიმები, როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ასევე საოცრად თბილი და სიყვარულით აღსავსე სამძიმრის წერილი მომწერა ოსმან მჟავანაძემ, თურქეთელმა ქართველმა, ან როგორც თვითონ ეძახიან თავს - „ჩვენებურმა“. ამ დღეებში ბევრჯერ ითქვა, რომ ილია მეორის გარდაცვალებით დიდი ეპოქა დასრულდა, თუმცა მეუფე დანიელმა სხვაგვარად თქვა და მეც მინდა მას დავეთანხმო — ილია მეორის ეპოქა არ დასრულებულა. როგორც მეუფე დანიელმა ბრძანა, მისი უწმინდესობის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობა, ეს არის ქართლის მოქცევის საოცარი ეპოქა, პროცესი, რომელიც დღესაც გრძელდება და გაგრძელდება მარადისობაში.

ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ისტორია და მისი უწმინდესობის ბიოგრაფია განუყოფელია და ერთმანეთშია გადაჯაჭვული, ეს ურთიერთობა მოიცავს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს. ილია მეორემ უდიდესი მონაწილეობა მიიღო ახალი ქართული სახელმწიფოსა ჩამოყალიბებაში და ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში არ არის სფერო, რომელზეც მან წარუშლელი კვალი არ დატოვა.

ყველამ კარგად ვიცით, რა რთულ პერიოდში მოუხდა მოღვაწეობის დაწყება ილია მეორეს. მისი უწმინდესობა იხსენებს, როგორ მოხდა მისი ბერად აღკვეცა 1957 წლის 16 აპრილს: „ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა...“

ილია II-მ შეძლო ის, რაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია: მან გააერთიანა ერი. მან დაგვანახა, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია და რომ სიყვარული ყველაფერზე მაღლა დგას. დღეს, როცა მის ღვაწლზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელსაც ერქმევა „ილია მეორის ეპოქა“. ეს არის ეპოქა სულიერი სიმტკიცის, ეროვნული ღირსების, საკუთარი თავის, საკუთარი მეობისა და იდენტობის პოვნის. მან ეკლესიაში დააბრუნა ახალგაზრდობა, დააბრუნა ინტელექტუალური ელიტა და, რაც მთავარია, დააბრუნა იმედი.

ის, რაც მან შექმნა, გაგრძელდება ძალიან დიდხანს. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ეპოქა, რომელიც არ დასრულებულა და გაგრძელდება ძალიან დიდხანს, მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. ბუნებრივია, ამის გაკეთება ადვილი არ იყო. ირაკლი ქადაგიშვილ გაიხსენა: როცა სიონში იგალობებოდა საგალობელი, „ღვთივკურთხეული ქართველი ერი, ღმერთმა დალოცოს მრავალი წელი“, იმ პერიოდში ეს იყო პატრიოტიზმისა და ეროვნული სულისკვეთების გამოვლინება და განმტკიცება.

ერთი შეხედვით, დღევანდელი გადასახედიდან, თითქოს მცირე ამბავია, მაგრამ იმ დროისთვის ეს სიტყვები რომ იგალობებოდა, ესეც კი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ილია მეორე ხშირად ხვდებოდა სხვადასხვა დარგის მეცნიერებს და ხელოვანებს და ცდილობდა მეცნიერება და სარწმუნოება, ხელოვნება და სარწმუნოება დაეახლოვებინა ერთმანეთთან. მისი ინიციატივით დაიწყო ძველი ქართული საგალობლების გაცოცხლება და ლიტურგიაში დანერგვა. კარგად მახსოვს, რამხელა რეზონანსი ჰქონდა, როდესაც ანჩისხატში შეიქმნა მგალობელთა გუნდი, რომლებმაც პირველებმა დაიწყეს მივიწყებული ძველი ქართული საგალობლების აღდგენა და გალობა. ბევრი ადამიანი სწორედ ამ გალობის მოსასმენად მიდიოდა ტაძარში და ასე იწყებდნენ ურთიერთობას და დაახლოებას ეკლესიასთან. გალობის პარალელურად დაიწყო ქართული ხატწერისა და ფრესკის აღორძინება, ასევე უკვე დაკარგული და მივიწყებული ქართული მინანქრის აღდგენა-აღორძინება და მრავალი ახალგაზრდა ხელოვანის ჩართვა ამ სფეროში. მახსოვს, იქნებოდა ალბათ 1987 წელი, როცა პატრიარქი შეგვხვდა სტუდენტებს და მოგვიწოდა, ყველას გვეთარგმნა სახარების რამდენიმე მუხლი ახალქართულად და ამით შეგვექმნა სახარება თანამედროვე ქართულ ენაზე. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ასე ახალი თარგმანი ვერ შეიქმნებოდა, მაგრამ მისი უწმინდესობის მიზანი იყო, ახალგაზრდებს დაგვეწყო სახარების კითხვა და დავაახლოვებოდით ეკლესიას. ასე, თანდათან ხდებოდა ჩამოყალიბება იმ მდგომარეობის, რასაც დღეს ქრისტიან ქართულ საზოგადოებად ვიცნობთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, როცა ილია მეორის ეპოქაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ საერო და სასულიერო ხელისუფლებათა ურთიერთობის ის უნიკალური მოდელი, რომელიც საქართველოში შეიქმნა და რომლის შემოქმედი მისი უწმინდესობა გახლდათ. „ეს არის ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებულია ერთის მხრივ, ერთმანეთის საქმიანობაში ჩაურევლობაზე, მაგრამ, ამასთანავე სრულ ურთიერთპატივისცემასა და კოორდინაციაზე. ურთიერთობის ეს მოდელი უნიკალურია არა მხოლოდ თანამედროვე სამყაროში, არამედ ისტორიულადაც არა აქვს ბევრი ანალოგი“, - დასძინა სუბარმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია