„საქართველოს ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე სასულიერო პირები საუბრობენ

„საქართველოს ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლზე სასულიერო პირები საუბრობენ

იმედი|imedinews.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უდიდეს ღვაწლს აღნიშნავენ სასულიერო პირები. მისმა მოღვაწეობამ ხალხის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა, რაზედაც მისთვის პატივის მისაგებად მისული ადამიანების რაოდენობაც მეტყველებს. ეკლესიის მსახურები ამბობენ, რომ საქართველოს ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა.

„ყველა ხედავს, თუ რამხელა სიყვარული დათესა ჩვენმა უწმინდესმა. ხალხის მდინარეები მოედინება უწყვეტად. ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი უწმინდესი კიდევ უფრო მეტ მფარველობას გაუწევს ზეციური მოზეიმე საქართველოდან მისთვის ძალიან საყვარელ, ძვირფას ეკლესიას, ქვეყანას, ერს, რომელსაც მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია“, - განაცხადა დეკანოზმა საბამ (ჭიკაიძე).

„მართლაც უდიდესია მისი ღვაწლი და თითოეული ნაბიჯი, რაც უწმინდესმა ჩვენი მომავლისთვის გადადგა, ჩვენ უნდა გადავუხადოთ ერთმანეთის პატივისცემით და არა განკითხვით. სიყვარულით, ხელიხელჩაკიდებული, საქართველოს სიყვარულში და ღვთის სადიდებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უნდა გავახაროთ ჩვენი უწმინდესის სული“, - განაცხადა დეკანოზმა იოანე ხეცურიანმა „ქრონიკასთან“.

„ამხელა სიყვარულის დათესვა არ არის მარტივი ჯვარი. მან ძალიან დიდი და რთული გზა გაიარა. ღვთის რჩეული პატრიარქი ჰყავდა საქართველოს, რომელიც ზრუნავდა საქართველოზე, ქართველ ერზე. მას ძალიან უყვარდა სამშობლო და როცა ქვეყანას უჭირდა, ყოველთვის გვერდში ედგა. მჯერა, ის უფრო მხურვალედ ილოცებს და შეისმენს უფალი მის ლოცვას, რომ საქართველო გამთლიანდეს“, - აღნიშნა იღუმენმა გაბრიელ ჯიქიამ „ქრონიკასთან“.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია