
პატრიარქის დაკრძალვაზე ვატიკანიდან კარდინალი ჩამოვა
პატრიარქ ილია მეორეს დაკრძალვაზე, ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. ამის შესახებ ინფორმაციას Catholic.ge–ს ვატიკანის საელჩო აწვდის.
კარდინალთან ერთად დელეგაციაში იქნებიან:
▪︎ მონსენიორ ლადრაპა იარომირი, ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის თანამშრომელი;
▪︎ მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი, სამოციქულო ნუნციუსი და დიპლომატიური კორპუსის დეკანი საქართველოში;
▪︎ მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია, პაპის დესპანის მრჩეველი საქართველოში;
▪︎ ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი;
▪︎ მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი ერევანში.
რაც შეეხება კარდინალ კურტ კოხს, იგი პირველად საქართველოში 2014 წლის ბოლოს იმყოფებოდა. შეხვდა საქართველოში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს, სადაც განიხილეს კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, კონფესიების დაფინანსებისა და რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის შესახებ.
მეორე ვიზიტით სასულიერო პირი საქართველოს 2016 წელს ეწვია.
სწორედ კარდინალი კოხი მისალმება სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს, როდესაც მათ „სიქსტეს კაპელაში“ გამართეს კონცერტი 2022 წლის 26 ივნისს.
უფრო ადრე კი ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა:
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ღია და გახსნილი იყო. თავისი მოხუცებულობის მიუხედავად იგი პირადად დახვდა აეროპორტში პაპს [ფრანცისკეს], მიესალმა და ბოლოს გააცილა. მათ შორის იყო ორი ძალიან ლამაზი შეხვედრა, სადაც პატრიარქმა ილიამ რომის ეკლესია დალოცა. ზოგიერთი მიტროპოლიტი ამას არასდროს გააკეთებს, ვინაიდან ისინი რომის ეკლესიას არ მოიაზრებენ „ეკლესიად“. როდესაც მე ორი წლის წინ საქართველოში ვიმყოფებოდი, ამ პრობლემებზეც ვისაუბრე, შევხვდი ქართველ კათოლიკეებს და მათ გასაჭირი მოვისმინე, განსაკუთრებით გადანათვლასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი, რომლის შესახებაც დისკუსია უნდა გაგრძელდეს“, – განმარტა კარდინალმა 2016 წლის 26 ოქტომბერს, გერმანულენოვან გამომცემლობა „Tagespost“-თან ინტერვიუში.
იმედი
წყარო: imedinews.ge