
დავით ფაცაციამ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
დავით ფაცაციამ პატრიარქის ხსოვნას პატივი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მიაგო.
„სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ, კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებას.
უდიდესია უწმინდესის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე - მაშინ, როდესაც რეპრესიული ხელისუფლების მიერ ღმერთის რწმენა და ეკლესია იდევნებოდა, სწორედ უწმინდესმა თავისი ავტორიტეტითა და სიყვარულით მოახერხა წარმოუდგენელი რამ - ღვთისკენ მოაქცია ყველა ის ადამიანი, ვინც შიშის გამო განუდგა ეკლესიას. იმდენად დიდი იყო უწმინდესის ძალა და ღმერთის ნება, რომ სწორედ მას ერგო ურწმუნო პერიოდში სრულიად საქართველოს ღვთისკენ მოქცევის - ეს უდიდესი მისია. მჯერა, რომ მისი ლოცვა კვლავაც იქნება ჩვენი ერის მფარველი და წინამძღოლი ისტორიული ერთობის აღდგენის გზაზე.“ - განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge