
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას პრემიერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თბილისის მერთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაესწრო. ფოტოგალერეა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაესწრო.
მთავრობის მეთაურმა პატრიარქთან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა ილია მეორის როლს ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში.
„ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. დღევანდელი დღე არის უდიდესი ტკივილით სავსე თითოეული ჩვენგანისთვის. დღეს დასრულდა დიდი ეპოქა. ვემშვიდობებით ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, სულიერ მამას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და დედაეკლესიის მსახურებას მიუძღვნა. ამასთან ერთად დღევანდელი დღე არის აღმატებულიც თითოეული მორწმუნე ქართველისთვის. დღევანდელ დღეს განსაკუთრებული სიმძაფრით შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი პატრიარქის სიდიადე და სიამაყით შევახსენოთ ჩვენს თავს, თუ რამდენად დიადია ერი, რომლის წიაღშიც ასეთი მოღვაწე შეიძლება იშვას. უწმინდესისა და უნეტარესის მოღვაწეობის პირველი წლები გასდევდა ქართული კულტურის ოქროს ხანას. იმ ეპოქის ქართველი მოღვაწეები ქმნიდნენ ახალ შემოქმედებით საგანძურს, რითაც ამდიდრებდნენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის სულიერებას. უწმინდესმა და უნეტარესმა ამ საქმეს ახალი განზომილება შესძინა და ის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებაში გარდასახა. გასული წლების განმავლობაში ზეციურ საქართველოში გადაინაცვლა მრავალმა მოღვაწემ, მთელმა თაობამ, რომელთაც ქართული კულტურის ოქროს ხანის შექმნაში გამორჩეული წვლილი მიუძღვით. დღეს კი ვემშვიდობებით პატრიარქს, რომელმაც ჩვენი დედაეკლესიის აღორძინების ოქროს ხანას ჩაუყარა საფუძველი. ასეთ დროს, პატრიარქთან გამომშვიდობებისას შეუძლებელია მთელი სიმძაფრით არ შევიგრძნოთ დიდი ქართველი პოეტის სიტყვები: „წინაპართაგან წავიდა ყველა“ და ამ დროს შეუძლებელია, არ დაგეუფლოს დაობლების მძაფრი განცდა. ერთადერთი, რამაც ეს განცდა შეიძლება შეგვიმსუბუქოს, არის რწმენა იმისა, რომ უწმინდესი რჩება ჩვენთან ერთად და ზეციური საქართველოდან ლოცვით გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ჩვენს დედაეკლესიას. როდესაც ვფიქრობ პატრიარქსა და მის მოღვაწეობაზე, მახსენდება კიდევ ერთი სიტყვები დიდი ქართველი პოეტის იმავე ლექსიდან „გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში“. ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება მოხუცი მამის ეს ხატება. ბევრჯერ გაგვახსენდება უწმინდესი და უნეტარესი ილია II, როგორც მოხუცი მამა უვლის მისთვის უძვირფასეს ვენახს, როგორ ევლება თავს დედაეკლესიას, თავის სამშობლოს და თითოეულ სულიერ შვილს. მადლობა უწმინდესს და უნეტარესს მისი მოღვაწეობისთვის, უდიდესი ღვაწლისა და განუზომელი სიყვარულისთვის. ღმერთმა დალოცოს უწმინდესი და უნეტარესის, ილია მეორის სული, ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს ჩვენი დედაეკლესია და ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა პრემიერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge