
„ღობეზე სიყვარულით გადაუსვა ხელი, ვფიქრობდი, ამ კაცს ქვებიც უყვარს-მეთქი ჩვენი ხევისა“... „ნატკენი გულით წავიდა ჩემი პატრიარქი, მაგრამ ვერასოდეს ათქმევინებდი, ის იყო ამოღებული ხმალი თავისი ქვეყნისა“ - მოხევეები პატრიარქზე „იმედის კვირაში“
„იმედის კვირა“ ხევში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მშობლიურ სოფელ სნოში იმყოფებოდა და უწმინდესის ნათესავებსა და მეგობრებს ესაუბრა.
„ჩვენ, მოხევეებმა განსაკუთრებულად ჩვენი წილი პატრიარქი დავკარგეთ“, - ამბობენ ისინი „იმედის კვირასთან“ პატრიარქზე საუბრისას.
„მთელი სოფლის მოსახლეობას გვიბარებდა, რომ მივსულიყავით და სოფლის ამბავზე ესაუბრა, ასეთი იყო, უყვარდა სოფელი“, - იხსენებს პატრიარქის ნათესავი გიორგი ფიცხელაური.
პატრიარქის ნათესავი მანანა შაბურიშვილი ასევე იხსენებს უწმინდესის დამოკიდებულებას სოფლისადმი: „იქეთ ვიდექი და იქიდან ვუცქერდი, ახლოს ვერ მოვედი, მერიდებოდა. გადმოვიდა მანქანიდან და ღობეზე [ქვებზე] გადაუსვა ხელი, თითქოს, პატარა ბავშვს ეფერებოდა, ისეთი სიყვარულით. ვფიქრობდი, ღმერთო, ამ კაცს ქვებიც უყვარს მეთქი ჩვენი ხევისა“.
„შინაურული იყო, ახლობლური, უბრალოება უყვარდა. რაღაცებს აგროვებდა - ქვებსაც, მცენარეებსაც, წყალშიც ბანაობდა. როგორც ბავშვებს უყვართ ბუნება და იქ ყოფნა, ბავშვი რომ გაუშვა და მთელი დღე ითამაშებს, ეგრე იყო ისიც“, - ამბობს სნოს კიდევ ერთი მკვიდრი.
უწმინდესს „იმედის კვირასთან“ იხსენებს მისი ბავშვობის მეგობარი გურამ ქუშაშვილიც:
„იმას არ გაგრძნობინებდა, რომ „მე პატრიარქი ვარ“. რომ იჯდებოდი მასთან და საუბრობდი, ამას არ გაგრძნობინებდა. შევიკრიბებოდით საღამოობით, ნაყინი იყო ჩვენთვის პირველი, ვტაცებდით ერთი-მეორეს ხელიდან... გვეუბნებოდა, ნუ ოხუნჯობთო, მაშინვე ასეთი წყნარი იყო, სილამაზითაც გვჯობნიდა.“
გურამ ქუშაშვილი ასევე ამბობს, რომ წლების შემდეგ, როდესაც ილია პატრიარქი გახდა და მასთან ჩავიდა, უწმინდესმა ბავშვობის მეგობარი იცნო.
„დარიგებასავით იცოდა, შორიდან მოგივლიდა და იტყოდა, აი, ეს არ შეიძლება და ეს შეიძლება...
ნაწყენი, ნატკენი გულით წავიდა ჩემი პატრიარქი, მაგრამ ვერასოდეს ათქმევინებდი ამას. არა, ის იყო ამოღებული ხმალი თავისი ქვეყნისა“, - ამბობს პატრიარქის ბავშვობის მეგობარი.
„უწმინდესს აჩუქეს დიდი, თეთრი მარმარილოს ჯვარი თავისი მშობლების საფლავზე დასადებად. მაშინ ხევში არც ერთი მოქმედი ტაძარი არ იყო. უწმინდესმა ეს ჯვარი სასაფლაოზე დადგა ისეთ ადგილას, რომ ყველა საფლავს გადმოჰყურებდა, „მარტო ჩემი მშობლებისა და ახლობლებისთვის არა, ყველასთვის იქნება ეს ჯვარი, მათი მეოხიო“, - ამბობს „იმედის კვირასთან“ ქეთინო გელაშვილი.
ქეთინო გელაშვილი, რომელიც მასწავლებელია, ასევე იხსენებს პატრიარქის ნათქვამს, ბავშვებს ორიანები არ დაუწეროთო.
„მახსოვს, ერთხელ ასეთი სიტყვა გვითხრა, ბავშვებს ორიანები არ დაუწეროთო. რას ნიშნავს, ბავშვი თუ ორიანს იმსახურებს, მასწავლებელმა როგორ არ უნდა დაუწეროს? გვიან მივხვდი, ეს იმას ნიშნავდა, რომ „მასწავლებლებო, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ბავშვმა ორიანი არ დაიმსახუროს“, - ამბობს ქეთინო გელაშვილი.
საქართველომ დღეს კათოლიკოს-პატრიარქი უკანასკნელ გზაზე გააცილა - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge