ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს

იმედი|imedinews.ge

სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.

ტრენინგ-მოდული მოიცავს ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ფუნქციონირების მიმოხილვას, სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების - ჰიდრო, თბო, ქარისა და მზის ოპერირების სპეციფიკას, ასევე ელექტრომექანიკურ, ქსელურ და დისპეტჩერიზაციის პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და ენერგოობიექტების მართვის ციფრულ სისტემებს.

პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციის საკითხები, ტექნიკური მოთხოვნები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და მონაცემთა მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები. სემეკის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული ლექტორები - ენერგეტიკის სექტორში წარმატებული პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის, ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკური მიმართულებით ცოდნის მიღებით ან გაღრმავებით.

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით. ტრენინგები დაიწყება 21 აპრილს და ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე. პროგრამა მოიცავს 13 შეხვედრას (ჯამში 26 საათი).

ტრენინგები გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისში, ა. მიცკევიჩის ქუჩა N27ბ-ში. კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს 800 ლარს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://bit.ly/4bkEMYI

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია