მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მხარდამჭერი ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო

იმედი|imedinews.ge

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო ტრენინგების ახალი ციკლი, რომლის მიზანია სკოლების მხარდაჭერა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში საჭიროებების სისტემურ შესწავლასა და შეფასების კომისიების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

ტრენინგების პირველი ეტაპი ეძღვნება საჭიროებების დიაგნოსტირების საფუძველზე სკოლის განვითარების დაგეგმვას. სატრენინგო მოდული განკუთვნილია საჯარო სკოლების დირექტორების, მათი მოადგილეებისა და ხარისხის მართვის პროცესში ჩართული პირებისთვის. ტრენინგი მიმდინარეობს ონლაინფორმატში და ეთმობა თორმეტი საკონტაქტო საათი.

მოდულის ფარგლებში მონაწილეები მუშაობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლისგან (მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია) მონაცემების შეგროვება და ანალიზი, სკოლის საჭიროებების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია, მათ საფუძველზე ფუნქციების განსაზღვრა კარიერული წინსვლის პროცესში ჩართული მასწავლებლებისთვის.

სატრენინგო მოდულის გავლის შემდეგ სკოლის წარმომადგენლები შეძლებენ, გააძლიერონ თითოეული სკოლის კონტექსტს მორგებული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკა.

უახლოეს მომავალში ანალოგიური ტრენინგები ჩატარდება საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებისთვისაც, რათა მათ მუნიციპალიტეტის/რაიონის დონეზე უზრუნველყონ სკოლების საჭიროებების მხარდამჭერი პროცესები.

სატრენინგო ციკლის პარალელურად, მასწავლებლებისთვის მომზადდება თემატური ვებინარები და მიეწოდებათ დამატებითი სარეკომენდაციო მასალა, რომელიც მათ დაეხმარება მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მოთხოვნების გაანალიზებასა და პრაქტიკულ დანერგვაში.

აღნიშნული ეტაპის დასრულების შემდეგ, ცენტრი გეგმავს სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე შექმნილი შეფასების კომისიების წევრებისთვის განკუთვნილი ტრენინგების ჩატარებას.

ტრენინგების ციკლი და დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმები მიმართულია ადამიანური რესურსების გაძლიერებასა და დეცენტრალიზაციის პირობებში პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაზე. აღნიშნული პროცესის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განხორციელება ცენტრის მხრიდან უკვე დაწყებულია და ინტენსიურად გაგრძელდება წლის განმავლობაში.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია