
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ გამართულ რეგიონულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ბიუროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში, რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „ჯანდაცვის სფეროს პერსონალთა განათლებისა და რეგულირების გაუმჯობესება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში".
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა და უკრაინა) ექთნებისა და ექიმების, განათლებისა და რეგულირების მექანიზმების გაძლიერების ხელშეწყობა.
ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმას ქმნის რეგიონში საექთნო და სამედიცინო განათლების სისტემების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია საქართველოში საექთნო და სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების შესახებ. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საექთნო და სამედიცინო განათლების, პაციენტთა უსაფრთხოებასა და პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებით საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას.
დასკვნით ნაწილში თითოეულმა ქვეყანამ განსაზღვრა რეფორმის პრიორიტეტული სფეროები და სამოქმედო გეგმა, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერა და ექსპერტული ცოდნა, რომელიც პოტენციურად WHO-ს მიერ იქნება შემოთავაზებული.
აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებას, ჯანდაცვის სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან ინტეგრაციას.
ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge