დავით სონღულაშვილი ატმის და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა

დავით სონღულაშვილი ატმის და ვაშლატამას მწარმოებელ ფერმერებს და ექსპორტიორებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ატმისა და ვაშლატამას წარმოებაში მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები ფერმერებთან და ექსპორტიორებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.

მინისტრის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია დარგში არსებული გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მუდმივი კომუნიკაცია ქმნის საფუძველს, უფრო ეფექტიანი და მიზნობრივი გადაწყვეტილებების მისაღებად. პირდაპირი შეხვედრების ფორმატი გვაძლევს შესაძლებლობას, ზუსტად განვსაზღვროთ არსებული გამოწვევები და დავგეგმოთ შესაბამისი ღონისძიებები. სამინისტროში გათვალისწინებულია დარგობრივი საბჭოების ჩამოყალიბება. აღნიშნული საბჭოების შეხვედრებს სამ თვეში ერთხელ დავესწრები პირადად, ხოლო მინისტრის მოადგილეები შეხვედრებს ყოველთვიურად გამართავენ. ეს ფორმატი მოგვცემს შესაძლებლობას, თითოეულ დარგში თანმიმდევრულად დავგეგმოთ როგორც რეფორმები, ისე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და მოსავლიანობის ზრდის აუცილებლობაზე; ასევე, ხაზი გაესვა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისების საჭიროებას.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, შეფუთვისა და სორტირების განვითარება, ასევე ბრენდირება. მნიშვნელოვანია, რომ ქართული პროდუქცია საერთაშორისო ბაზრებზე იყოს იდენტიფიცირებადი და კონკურენტუნარიანი, რაც საბოლოოდ გაზრდის როგორც ფასს, ისე ექსპორტის მოცულობას“, - განაცხადა ექსპორტიორმა ალექსანდრე გვარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ, სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში უკვე თანადაფინანსებულია 300 ჰექტარზე მეტი ატმის ბაღის გაშენება, ჯამში 1.6 მილიონი ლარის ოდენობით.

2025 წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტმა 25.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 17%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ექსპორტის საერთო ღირებულება 32 მილიონი დოლარია, მაშინ როცა, 2024 წელს იგი 25 მილიონ დოლარს უტოლდებოდა, რაც 28%-იან ზრდაზე მიუთითებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, ასევე შესაბამისი უწყებების და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია