
რუსთავმა პროფესიულ სახელმწიფო ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის” დასს უმასპინძლა
რუსთავის მერიის ორგანიზებით, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურმა დრამატულმა თეატრმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიულ სახელმწიფო ინტეგრირებულ თეატრ „აზდაკის ბაღის” დასს უმასპინძლა. ინტეგრირებულმა დასმა მაყურებელს ნოდარ დუმბაძის „მე ვხედავ მზის" საკუთარი ვერსია შესთავაზა.
სპექტაკლს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და დეპუტატები დაესწრნენ.
„ძალიან ემოციური, თბილი საღამო შედგა ჩვენს თეატრში, რუსთაველებმა უკვე მეორედ ვუმასპინძლეთ „აზდაკის ბაღის" საოცრად კარგ დასს. ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ სპექტაკლს ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა. „აზდაკის ბაღის" დასი, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თითოეული ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ გარემო, სადაც ეს საოცარი შესაძლებლობები გამოვლინდება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
სპექტაკლში პროფესიონალ არტისტებთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოყვარული მსახიობებიც მონაწილეობდნენ.
„აზდაკის ბაღი", უკვე 15 წელია, რაც ფუნქციონირებს და მის დასში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 14 მსახიობი მუშაობს.
ინტეგრირებულ დასს, წელს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა.
„აზდაკის ბაღის" გასტროლი რუსთავში უკვე მეორედ, სრული ანშლაგით შედგა.
იმედი
წყარო: imedinews.ge