
რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე თბილისის №209 საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ დეტალურად გააცნო ახალი სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებული მიმდინარე მდგომარეობა და დაგეგმილი ნაბიჯები. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
თბილისის 209-ე საჯარო სკოლა, რომელიც სოფელ გლდანში მდებარეობს, ამორტიზებული იყო. ძველი სკოლის ნაცვლად ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს მას შემდეგ გადაეცა, რაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გაუქმდა.
ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა, რადგან კვლავ არსებობს სამშენებლო ტერიტორიის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხები. სკოლის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ასაშენებლად აუცილებელია მომიჯნავე მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, რომელსაც უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო გამოისყიდის. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების დაწყება.
მინისტრმა პედაგოგებისა და მშობლების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ პროექტის დროული დაწყება და ხარისხიანად განხორციელება სამინისტროსთვის პრიორიტეტულია.
„ჩვენ მაქსიმალურად სწრაფად ვმუშაობთ, რომ არსებული სირთულეები, მათ შორის ბიუროკრატიული ბარიერები, დავძლიოთ და პროექტი გადავიყვანოთ აქტიურ ფაზაში,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ. მინისტრმა ასევე ბოდიში მოუხადა დამსწრეებს შექმნილი შეფერხებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ განათლების ინფრასტრუქტურა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება დამოკიდებულია მიმდინარე პროცედურების დროულ დასრულებაზე, მათ შორის პროექტირების ეტაპზეც, თუმცა უწყებები აქტიურად მუშაობენ პროცესის დაჩქარებაზე.
მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი და ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინირებულად იმუშავებენ, რათა საკითხი დროულად გადაიჭრას და №209 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უმოკლეს ვადაში შეძლონ სწავლა შესაბამის გარემოში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ლადო ბოჟაძე და შალვა ოგბაიძე, ასევე გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე.
იმედი
წყარო: imedinews.ge