
დედაქალაქის მერია „შინ მოვლის“ პროგრამით 600-ზე მეტი მოქალაქის თანადამფინანსებელია
თბილისის მერია შესაბამისი საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის „შინ მოვლის“ პროგრამას ახორციელებს და დღეისთვის, 600-ზე მეტი მოქალაქის ბინაზე მომსახურების თანადამფინანსებელია, - განაცხადა დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებს და ყველანაირად ეხმარება ოჯახებსა და ცალკეულ ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა სახის საჭიროება გააჩნია.
„პროგრამა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას, პერსონალურ მოვლას, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარებას, ასევე, მათი გარემოცვის ფსიქოსოციალური დახმარების გზით, კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. დახმარება, ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, მრავალდარგობრივი გუნდის მიერ მოქალაქის ბინაში ხორციელდება. შინ მოვლით შეუძლიათ, ისარგებლონ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 200 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულმა პირებმა, რომელთაც ფიზიკური უძლურების შეფასების სპეციალური კითხვარის შევსების შედეგად, ე.წ. ბართელის ინდექსის მიხედვით, არაუმეტეს 95 ქულა აქვთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროგრამაში ჩასართავად, მოქალაქემ ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 272 22 22 უნდა დარეკოს.
„ვიცი, რომ ბევრი ადამიანია დაინტერესებული აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან იქნება ყველანაირი ხელშეწყობა და მხარდაჭერა. გვაქვს ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო პროგრამა როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მიმართულებით. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროგრამების განხორციელებას, დაფინანსებას, მხარდაჭერას იმ ადამიანებისთვის და ოჯახებისთვის, რომლებიც დღეს ყველაზე მეტად საჭიროებენ ჩვენს თანადგომას. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა, რათა ასეთი ოჯახები ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები გვყავდეს, თუმცა სანამ არსებობს ამის საჭიროება, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება თანადგომა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge