აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ორგანიზებით, ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი ჟურნალისტების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მადლობის სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ ჟურნალისტები, ოპერატორები, რედაქტორები და ტექნიკური პერსონალის წარმომადგენლები, რომლებმაც საქმიანობა აფხაზეთის კონფლიქტამდე დაიწყეს და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზეთის თემატიკის გაშუქებაში.

ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის და იმ აფხაზეთელი ჟურნალისტების ხსოვნას, რომლებიც აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერპლნენ ან დევნილობაში გარდაიცვალნენ.

დაჯილდოების ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე წარდგნენ.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის მეომართა კავშირისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასმედიის დამსახურებული წარმომადგენლების დაჯილდოების ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანია პროფესიული საქმიანობის დაფასება და იმ ჟურნალისტების მხარდაჭერა, რომლებიც წლების განმავლობაში საზოგადოების ინფორმირებასა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებას ემსახურებიან.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია