
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari” წარმომადგენლებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari” წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ბიოენერგიის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის, ბიომეთანის წარმოებაში სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს და დელეგაციის წევრებს, რომ დაინტერესდნენ ჩვენი წარმოებით, რომელიც სიახლეა. მოხარულები ვიქნებით, თუ მომავალში მოგვეცემა შესაძლებლობა, ერთობლივი პროექტები განვახორციელოთ“, - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მათეო კავალარიმ.
ქართული მხარე წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო. საუბარი შეეხო საქართველოში ანალოგიური ბიოენერგეტიკული პროექტების განვითარების პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გარემოსდაცვით სარგებელს, მათ შორის ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას, სათბური გაზების ემისიების შემცირებას და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების განვითარებას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, საქართველოში მალტის სუვერენული ორდენის ელჩი თეოდორიკო ნანი, ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია და სამინისტროს ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge