დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა

დედამიწის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა

იმედი|imedinews.ge

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალი გაიხსნა. თსუ-ის ინფორმაციით, ღონისძიება დედამიწის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, ახალგაზრდების დაინტერესებას კვლევითი საქმიანობით, მეცნიერების დაკავშირებას ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დედამიწის წინაშე არსებული გამოწვევების გაცნობა-გაანალიზებას, ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში ჩართვას.

ღონისძიებაზე თსუ სტუდენტებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა წარმოადგინეს საინტერესო ექსპერიმენტები, კვლევითი პროექტები, აღმოჩენები. თსუ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა სტუდენტურ ინიციატივას - დედამიწის კვირეულის ფარგლებში სამეცნიერო ფესტივალის გამართვას. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების ახალგაზრდა თაობაში პოპულარიზაციისთვის. აღსანიშნავია სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება საბუნებისმეტყველო მიმართულებებით, ისინი დიდი ცნობისმოყვარეობით ეცნობოდნენ და ერთვებოდნენ საინტერესო ექსპერიმენტებში.

ფესტივალზე მოსული პირები ხელით შეეხნენ 4.4 მილიარდი წლის წინანდელ მინერალს; გაეცნენ ამონიტებს, რომელთა ასაკი მინიმუმ 65 მილიონი წელია; მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ექსპერიმენტებში: ქიმიური შუქნიშანი, იოდის საათის რეაქცია, ხელოვნური სისხლი, ოქროს წვიმა, პირანია ხსნარი და სხვა; დაათვალიერეს მფრინავი თევზი, მარჯნების მრავალფეროვნება, მიკროსკოპული უხერხემლო ცხოველური ორგანიზმები; მართეს სტუდენტების ხელით აწყობილი რობოტები; გაეცნენ დრონების ინჟინერიას, ეწვივნენ პლანეტარიუმს.

კვირეულის ფარგლებში (19-26 აპრილს) გაიმართება ქიმიის ლაბორატორიის, პლანეტარიუმის, მინერალოგიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის ტურები.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ და ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ნაწილი (ACS - American Chemical Society Georgian Student Chapter of TSU). 19-26 აპრილს მსოფლიოში დედამიწის კვირეული იმართება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია