შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც 500-მდე აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ძირითადი სიახლეები და ცვლილებები გააცნო, მათ შორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა და სახელმწიფო დაფინანსების მოდელი. საუბარი შეეხო გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ვადების დაცვის აუცილებლობას, ასევე სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნა, რომ სწორი და ინფორმირებული არჩევანი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აბიტურიენტთა სამომავლო საგანმანათლებლო და პროფესიულ გზას. შეხვედრის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე მაჩიტიძემ დეტალურად მიმოიხილა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესი, პრიორიტეტების განსაზღვრისა და კონკურსის პრინციპი, ასევე უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესი. ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა და კითხვა-პასუხის სესიას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ სრულყოფილი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების ინფორმირებულობის ზრდას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ასევე, გამოცდების ადმინისტრირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების წარმომადგენლები.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს,10:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, რათა რეგისტრაციის პროცესი სრულად და დროულად დაასრულონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, სრულყოფილად გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებული თითოეული ეტაპის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია