
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით პირველი ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება.
სპორტის სამინსიტროს ინფორმაციით, ფესტივალის შესახებ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრეზენტაციას მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა ისაუბრეს.
მულტისპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს შორის გაიმართება და მასში მონაწილეობას საქართველოს რეგიონების ნაკრები გუნდები მიიღებენ. ფინალურ ასპარეზობას 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე, დახურვის ცერემონია კი ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან, მოეწყობა.
ფესტივალის ფინალურ ეტაპს წინ უძღვის მუნიციპალური და რეგიონული შეჯიბრებები. მთლიანობაში ფესტივალის სამივე ეტაპზე დაახლოებით 30 ათასი სპორტსმენი იასპარეზებს. ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.
პროექტი მიზნად ისახავს სპორტის მასობრიობის ზრდას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენას, რეგიონების აქტიურ მონაწილეობას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას, ასევე ოლიმპიური მოძრაობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
იმედი
წყარო: imedinews.ge