ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება

იმედი|imedinews.ge

ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით, საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

„დისკუსიის უმეტესი ნაწილი დაეთმობა სომხეთსა და აზერბაიჯანს. საქართველოს მთავრობისთვის კი მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი, რომ ის გეზი, რომელიც აღებული აქვთ, ანუ ოპოზიციის რეპრესიები, მედიის შეზღუდვა, მიღებული კანონები, ჩვენთვის მიუღებელია. საჭიროა იქ გარკვეული პროგრესი დავინახოთ“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

„ესტონეთი გამოვიდა შეთავაზებით, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესოს ქართულ რეჟიმს და იმ ინდივიდებს, რომლებიც არღვევენ დემოკრატიას. ესტონეთში ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ”, - განაცხადა მედიასთან ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუშ ცაჰკნამ.

„საქართველო კანდიდატი ქვეყანაა. მათ იკისრეს ვალდებულება, რომ დაიცვან დემოკრატიის სტანდარტები და ეს მათი შესასრულებელია. თუკი ამისთვის მზად არ არიან, მაშინ უნდა დავაყენოთ ასოცირების შეთანხმებისა და კანდიდატის სტატუსის საკითხი. მოდით, მაშინ დავასრულოთ ეს და სხვა რეალობა გვექნება“, - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა.

„საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ გზაზე სვლა, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობას სურს. ეს არის გზა ევროპული ოჯახისკენ. ცხადია, ჩვენ ქართველ ხალხს ამ გზაზე სვლაში დავეხმარებით, დემოკრატიული, მშვიდობიანი და ევროპული გზით“, - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა.

„განვაცხადე დიალოგის განახლების საჭიროებაზე, თუმცა ამისათვის აუცილებელია რეფორმების გატარება, რომ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ციხეში შეყარეს, მართლმსაჯულების რეალური სისტემის წინაშე იყვნენ და ეს სისტემა არ გამოიყენებოდეს დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის ინსტრუმენტად“, - აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოანა-სილვია ცოიუმ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია