
ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან
ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრით მმართველი პარტიისთვის დადასტურდა, რომ ოპოზიცია სწორედ დიპლომატებთან კოორდინირებით მოქმედებს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა, ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დიპლომატებთან კოორდინაცია ბევრ რამეს ამბობს, მათ შორის იმას, რომ ქართული ოპოზიცია სწორედ გარე დავალებებით მოქმედებს.
„ეს კიდევ ერთი დასტურია მათი მხრიდან, რომ მთლიანად გარე მითითებებს იღებენ, სადაც შუამავლობენ ელჩები, ამ შემთხვევაში ბრიტანეთის, გერმანიისა და ევროკავშირის ელჩები. კარგად გვახსოვს არჩევნების პერიოდში, თავიდან ბოლომდე ბრიუსელიდან ჩაუტარეს საარჩევნო კამპანია ისე, რომ ველზეც არ გასულან და იმავეს ასრულებენ. ეს ალიანსიც რომ ჩამოყალიბდა, სააკაშვილსა და გვარამიას წამოსცდათ, რომ გარე მითითების საფუძველზე ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ, ოპოზიციის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ჩვენი მოქალაქეების უდიდესმა უმრავლესობამ გაშიფრა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
მესამე დღეა ბრიტანეთის საელჩო „ქრონიკის“ კითხვას არ პასუხობს. კითხვა კი ეხება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ხელისუფლების სანქცირების თემა განიხილეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge