
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას. ამასთან, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ უნდა განსაზღვროს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილება და მისი ფარგლები, ასევე საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
როგორც მომხსენებელმა, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული თანამდებობის შემოღებით საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და ხედვას მართლწესრიგის სფეროში ჩატარებულ რეფორმებსა და ღონისძიებებთან დაკავშირებით.
„ახალი თანამდებობის შემოღებით, სახელმწიფო მინისტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ეფექტური ყოველდღიური კოორდინაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურაში შემავალ სამართალდაცვით ორგანოებს შორის. ამავდროულად, ახალი სახელმწიფო მინისტრი იქნება საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პროკურატურასთან, სასამართლოსთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობაში“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge