
პაპუაშვილი: ჩვენ დაკრძალვაზე უპირველესად ვიყავით იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წელს ეს პარლამენტი აირჩია. მათ შორის, იმათი სახელითაც, ვინც მანდატების დატოვებით საკუთარ ამომრჩეველს ზურგი შეაქცია
იმ ადამიანებმა, ვინც ამ დღეებში ნაცვლად მწუხარებისა და გლოვის ჩვენებისა იმით იყვნენ დაკავებულები თუ სად დადგებოდნენ, სად დასხდებოდნენ, რას იტყოდნენ და რომელ კადრში მოხვდებოდნენ, ზურგი აქციეს ქართველ ხალხს მანდატების დახევით, ზურგი აქციეს ეკლესიას, რომელმაც 2024 წლის არჩევნებს მისცა თავისი შეფასება. ახლა ნუ საუბრობენ იმაზე, სად იყვნენ და სად არ იყვნენ. მათ თავიანთი ადგილი აირჩიეს სახელმწიფოს მიღმა, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე ოპოზიციის დასწრებაზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანო ცერემონიაზე სრულად იყო წარმოდგენილი, მათ შორის ოპოზიციონერი დეპუტატებით.
„პირადად მე, ისევე, როგორც პარლამენტის წევრები წირვაზე ვიყავით, როგორც ქართველები, როგორც პატრიარქის მრევლის წევრები, მაგრამ ჩვენ იქ უპირველეს ყოვლისა ვიყავით როგორც ქართველი ხალხის წარმომადგენლები, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრები, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, იმ 2 მილიონზე მეტი ადამიანის წარმომადგენლები, რომლებმაც 2024 წელს ეს პარლამენტი აირჩია. მათ შორის, ჩვენ იქ ვიყავით იმათი სახელითაც, ვინც საკუთარი მანდატები დატოვა, ზურგი შეაქცია საკუთარ ამომრჩეველს, ზურგი შეაქცია ქართულ ეკლესიას, რომელმაც 2024 წლის არჩევნების ჩატარება მიულოცა პარლამენტს და მის პირველ სხდომაზე აქ იყო და მნიშვნელოვან სხდომებსაც ესწრება ხოლმე. „ნაციონალური მოძრაობის“, „დროას“, „ახალის“ და ამ რადიკალური ჯგუფების ამომრჩევლის სახელითაც ვიდექით იქ, იმ წირვის დროს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები გაიხსენა და ის ეკლესიის მიმართ ცილისწამებაში დაადანაშაულა.
„ქალბატონ სალომე ის აინტერესებდა ყველაზე ძალიან - სად დადგებოდა და იმ დღეებში ცილი დასწამა ქართულ ეკლესიას. ამის შემდეგ უკვირს, რომ მის მიმართ შეიძლება იყოს პრეტენზიები. იმ თავდასხმების შემდეგ, რაც ქალბატონმა სალომემ გლოვის დღეებში იკადრა ეკლესიის წინააღმდეგ, როდესაც ცილი დასწამა ეკლესიას. კითხვები რომ უჩნდება სად იდგა და სად არა, ეს მე მგონი აჩვენებს მის არაადეკვატურობას“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge