
ლევან მაჭავარიანი სამი პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნაზე: ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული
ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
დეპუტატი გამოეხმაურა ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ინფორმაციას, რომ სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს.
„ერთის მხრივ, ვიხილეთ რადიკალური, ოპოზიციური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თითქოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილება იყო. ეს არის მხოლოდ სამი ევროპარლამენტარის [ინიციატივა] და ისიც პოლონეთიდან. პოლონეთის დამოკიდებულება ძალიან კარგად ვიცით. როდესაც აამუშავეს მოსკოვის მექანიზმი, პოლონეთი იყო ამის სულისჩამდგმელი. აღმოჩნდა, რომ ის ექსპერტი, რომელიც დაიქირავეს, იყო პირდაპირ მიკერძოებული, ვინაიდან მუშაობს მათ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს არის ჩვეულებრივი ცირკი, საბავშვო ბაღი, ამის არავის სჯერა და რაც უფრო მეტი დეპუტატი, თუ ქვეყანა ისაუბრებს ამაზე, მათთვისვეა კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად გაინადგურებენ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
ერთ-ერთი ოპოზიციური მედიის ცნობით, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც მათ მოიპოვეს, სამი ევროპარლამენტარი ტელეკომპანია „იმედის“, „რუსთავი 2“-ის და „პოსტივის“ სანქცირებას ითხოვს. ისინი ევროპის სახალხო პარტიის წევრები არიან და დოკუმენტის გაზიარებას ევროპარლამენტს სთხოვენ.
თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მიზეზად დეზინფორმაციის გავრცელებას და ცილისმწამებლურ კამპანიას ასახელებენ, თუმცა კონკრეტულ მტკიცებულებებზე ამჯერადაც არაფერია ნათქვამი.
იმედი
წყარო: imedinews.ge