
გიორგი ვოლსკი სამი ტელეკომპანიის დასანქცირების მოთხოვნაზე: ვერ ჩაგვრთეს იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. „ჩაახშე ინფორმაცია“ - არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის რეალიზაციისთვის მიდის ზრუნვა
როდესაც კონკრეტული გეგმაა ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ საქართველო თავისი შუა დერეფნით გამოიყენონ ამ მსოფლიო დონის დაპირისპირებაში, ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტზე არ უნდა ვისაუბროთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სამი ტელეკომპანიის დასანქცირებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არ არის შემთხვევითი.
„განხილვა მიმდინარეობს, ზის საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა შტაბი, სადაც მნიშვნელოვანი რაოდენობით არიან წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გეგმავენ იმას, თუ როგორ უნდა შესრულდეს ის ამოცანა, რომელიც დაისახეს ამ მიმართულებით.
არ გამოვიდა, ვერ ჩაგვრთეს იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. უნდა მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ამისთვის ბევრი ნიუანსია საჭირო. წარსულმა მცდელობებმა არ გაამართლა, დააკავეს ყველა, ვინც ამაში დამნაშავედ ცნეს. გადაწყვიტეს, რომ პროპაგანდისტულად განიხილონ „იმედი“ და სხვა მედიასაშუალებები, ისევე, როგორც ეკლესია, რომელიც ეხმარება ამ ხელისუფლებას შეინარჩუნოს პოზიცია, რომელიც ერთადერთი განმაპირობებელია სტაბილურობისა, რომელიც დღეს გაგვაჩნია.
ეს მდგომარეობა განაპირობებს იმ სტრატეგიული მიმართულების ჩამოყალიბებას, რასაც ჰქვია „ჩაახშე ინფორმაცია“. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის რეალიზაციისთვის მიდის ზრუნვა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge