დავით ქართველიშვილი: ანგლიკანური ეკლესიის სათავეში სარა მალალის დანიშვნას კრიზისსაც ვეღარ უწოდებ - ეს არის ინგლისის ეკლესიის, როგორც საეკლესიო ორგანიზმის, საბოლოო დაშლის ფაზა

დავით ქართველიშვილი: ანგლიკანური ეკლესიის სათავეში სარა მალალის დანიშვნას კრიზისსაც ვეღარ უწოდებ - ეს არის ინგლისის ეკლესიის, როგორც საეკლესიო ორგანიზმის, საბოლოო დაშლის ფაზა

იმედი|imedinews.ge

„ეს არ არის ქრისტიანობის გზა - ეს არის მისი დაშლა, ლიბერალური აპლოდისმენტების ფონზე. სარა მალალის ბიოგრაფია, რომელსაც „ქრისტიანულ გზად“ წარმოაჩენენ, სინამდვილეში ცნებების საშიშ ჩანაცვლებას აჩვენებს,“ - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურად სარა მალალის დანიშვნას.

დავით ქართველიშვილი ვრცელ პოსტში განმარტავს, თუ რატომ არაა ეს გადაწყვეტილება ქრისტიანობის გზა. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ანგლიკანური სამყარო უკვე გაყოფილია, რადგან ანგლიკანური ეკლესიის გადაწყვეტილებას არ იზიარებს აფრიკა, რომელმაც უარი უთხრა ლონდონს.

„ანგლიკანური ეკლესიის სათავეში სარა მალალის დანიშვნას კრიზისსაც ვეღარ უწოდებ - ეს არის ინგლისის ეკლესიის, როგორც საეკლესიო ორგანიზმის, საბოლოო დაშლის ფაზა. აქ აღარ გვაქვს საქმე არც „რეფორმასთან“ და არც „განვითარებასთან“ - ეს არის ღია უარი სამოციქულო მემკვიდრეობასა და წმინდა გადმოცემაზე.

როდესაც დოგმატი იცვლება პოლიტიკური მოდით, ხოლო კანონი - სოციოლოგიით, ეკლესია გარდაიქმნება იდეოლოგიურ კლუბად რელიგიური სიმბოლიკით. ეს არ არის ქრისტიანობის გზა - ეს არის მისი დაშლა, ლიბერალური აპლოდისმენტების ფონზე. სარა მალალის ბიოგრაფია, რომელსაც „ქრისტიანულ გზად“ წარმოაჩენენ, სინამდვილეში ცნებების საშიშ ჩანაცვლებას აჩვენებს. სოციალური მსახურება, მენეჯერული წარმატება, სამედიცინო კარიერა - ყოველივე ეს შეიძლება იყოს პატივსაცემი, მაგრამ არანაირად არ უკავშირდება მღვდელმსახურების საიდუმლოს. ტრადიციულ ქრისტიანობაში მღვდლობა არ უკავშირდება „გენდერულ აღრევას", არ არის კარიერული ჯილდო და არც სოციალური მისიის გაგრძელება - ეს არის მსხვერპლი, მორჩილება და ეკლესიის უწყვეტი ტრადიციისადმი ერთგულება.

აქ კი,ვხედავთ კლასიკურ დასავლურ სცენარს: ჯერ - თეოლოგიური საფუძვლების დანგრევა, შემდეგ - ამ დანგრევის ლეგალიზება „პრეცედენტებით“, და ბოლოს - მისი ნორმად გამოცხადება. ყველაზე მძიმე შედეგი კი - ლონდონის ამ ხაზის გავლენაა გლობალურ ანგლიკანობაზე.

აფრიკამ უკვე ფაქტობრივად უთხრა ლონდონს „არა“ - რაზეც არაერთგზის დამიწერია. ნიგერიის, უგანდის, კენიის ანგლიკანური ეკლესიებისთვის ეს არ არის ფორმების საკითხი - ეს არის შინაარსის, რწმენისა და ხსნის საკითხი. ისინი ლონდონის ნაბიჯებში ხედავენ პირდაპირ გადახვევას ქრისტიანობიდან, უფლისადმი სილის გაწნას და ამიტომაც დისტანცირდებიან არა დიპლომატიურად, არამედ პრინციპულად.

ფაქტობრივად, ანგლიკანური სამყარო უკვე გაყოფილია - უბრალოდ ეს გაყოფა ჯერ ბოლომდე იურიდიულად არ არის გაფორმებული. და შემდგომი განვითარება კიდევ უფრო მკაცრი და დრამატული იქნება. ლონდონი აუცილებლად გააგრძელებს მოძრაობას სრული სეკულარიზაციისკენ რელიგიური ნიღბის ქვეშ - საბოლოოდ ისტორიულ ქრისტიანობასთან სრული გაწყვეტით. სამარცხვინო მდგომარეობაშია ჩაყენებული ანგლიკანური ეკლესიის კონსტიტუციით გამაგრებული, სიმბოლური, თუმცა უზენაესი მმართველი ("Supreme Governor") - მეფე. მის ხელში ამ ჩამოშლილი ორგანიზაციისაგან დისტანცირებას აფრიკული თემებიც კი გააძლიერებენ, შექმნიან ალტერნატიულ ცენტრებს და დაიწყებენ დაახლოებას უფრო ტრადიციულ კონფესიებთან. შედეგი პროგნოზირებადია: ანგლიკანური თანამეგობრობა გაიყოფა ორ შეუთავსებელ ბანაკად - სადაც ყოფილი „მეტროპოლია“ გახდება რწმენის დაკარგვის სიმბოლო, ხოლო „პერიფერია“ - იმ ბოლო სივრცედ, სადაც ჯერ კიდევ ცოცხლობს ის, რასაც ოდესღაც ქრისტიანობა ერქვა,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია